ახალი ამბები

“ტექნიკური შეცდომა” – დიტო სამხარაძე ირწმუნება, რომ კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია

10 მარტი, 2023 • 2678
“ტექნიკური შეცდომა” – დიტო სამხარაძე ირწმუნება, რომ კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია და ტექნიკური შეცდომა დაფიქსირდა. სამხარაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსხური ავრცელებს.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ უკან წაიღებს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს. პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. საჭირო გახდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება.

დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო.

1 მომხრე, 35 წინააღმდეგი  – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

კანონპროექტმა კანონად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა, შესაბამისად, ჩავარდა.

ის ერთი დეპუტატი, ვინც კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა, კენჭისყრის ოქმის მიხედვით, სწორედ დიმიტრი სამხარაძე იყო.

ქართული ოცნების სხვა დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილებდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერებმა მისცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი