ახალი ამბები

10 მარტს, სხდომის პარალელურად, პარლამენტთან აქცია დაანონსდა

9 მარტი, 2023 •
10 მარტს, სხდომის პარალელურად, პარლამენტთან აქცია დაანონსდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე დემონსტრაციაზე კიდევ ერთი აქცია დააანონსეს. სცენიდან მოქალაქეებს მოუწოდეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან 10 მარტის 11:00 საათისთვის შეიკრიბონ.

პარლამენტში ბიუროსა და პლენარული სხდომები სწორედ ხვალ არის დაგეგმილი. 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა დანიშნული, შემდეგ კი, 12:00 საათზე, პლენარული სხდომა გაიმართება. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს, 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა.

განცხადებაში მითითებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, სხდომაზე უცხოური აგენტების გავლენის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან და ჩააგდებენ.

“11:00 საათზე ყველა უნდა ვიყოთ აქ. ერთად უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი და კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისკენ”, — მიმართეს დემონსტრანტებს სცენიდან.

ამ კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის წინ და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები იმართება.

დღეს, 9 მარტს მოქალაქეებმა, მიუხედავად “ოცნების” დაპირებისა, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენის დროს ჩააგდებდნენ, დაუყოვნებლივ მოითხოვეს სესიის ჩანიშვნა სწორედ ამ დაპირების ოფიციალურად გასაფორმებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი