„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ბესო გაზდელიანის განცხადებით, დღეს, 9 მარტს, ადრე დილით, სპეცრაზმი მის სახლში შეიჭრა. ასევე, გაჩხრიკეს მისი ძმის, შვილის და ბიძაშვილის სახლებიც. გაზდელიანის ინფორმაციით, სამართალდამცავები მის სახლში ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ იარაღს, საბოლოოდ კი, მხოლოდ მობილური ტელეფონები ამოიღეს.
„ქვეყანაში უცხოეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ნიადაგზე შემოტანილ იარაღს ეძებდნენ ჩემს სახლში, სადაც პატარა ბავშვებს ეძინათ. ჩემი ძმის სახლიც გაუჩხრეკიათ. ჩემი შვილისა და სიძის სახლიც, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ. სიძეს თავში იარაღი ჩაარტყეს, ჩემი ბიძაშვილების ოჯახებიც გაჩხრიკეს. ეს არის რეპრესიები, რაც ივანიშვილმა საქართველოში დაიწყო. ვფიქრობ, რომ მე არ ვარ დღეს ბოლო, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ოჯახში შევარდებიან ასე ესენი“, – განაცხადა დღეს ბესო გაზდელიანმა ტელეკომპანია „პირველთან“.
დღეს დილიდან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები სასტიკად ნაცემები და დაშავებულები არიან. მათ შორის ბევრი მათგანი ამბობს, რომ დაკავებულის ნახვის საშუალება ამ დრომდე არ მიეცა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 8 მარტის საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით 66 პირი დააკავეს. ამ დრომდე, ოფიცილური ცნობითვე, ადმინისტრაციული წესით სულ დაკავებულია 133 პირი.