„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მორატორიუმს აცხადებს ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიმართ კითხვებზე.
„ჩვენ ახალი უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი. არანაირი ურთიერთკამათი და თავდასხმა ოპოზიციაზე. მე, მაგალითად, ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს კონკრეტულად გახარიას პოლიტიკასთან, რომელსაც შეეწირა უამრავი კეთილდღეობა, კონკრეტულად ანაკლიის პორტი და ბევრი რამ, რაც მან ჩვენთან მიმართებით განახორციელა. მე, მამუკა ხაზარაძე, ვადებ მორატორიუმს იმ კითხვებს, რომელიც ამ ადამიანთან მაქვს და ამ კითხვებს გავხსნი, როცა საარჩევნო მარათონი იქნება. მანამდე ჩვენ ყველას ერთად გადასარჩენი გვაქვს ეს ქვეყანა“, — განაცხადა ხაზარაძემ „ფორმულას“ ეთერში.
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში გიორგი გახარიასაც ადანაშაულებს. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტს.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო)
ამასთან, „თიბისი ბანკის” დამფუძნებლის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.
„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გახარიამ მუქარის ფაქტი უარყო. პროკურატურამ განაცხადა, რომ „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მუქარის წერილის“ დედანზე, რაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო არჩევნების წინ, გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.