ახალი ამბები

შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოს მოვლენებს — ევროსაბჭოს გენმდივანი

8 მარტი, 2023 • 648
შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოს მოვლენებს — ევროსაბჭოს გენმდივანი

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, 7 მარტს მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„შეშფოთებით ვადევნებ თვალს ბოლო დროს ჩვენს წევრ ქვეყანაში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ნებისმიერი ასეთი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის შეფასება და დაიცვას მისი რეკომენდაციები“, — აცხადებს ბურიჩი.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დასძენს, რომ დინამიკური და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მნიშვნელოვანი და მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგი, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით“, — დასძენ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი