ახალი ამბები

„ეს არხი ღალატში მიჰყვება ხელისუფლებას“ — კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა

8 მარტი, 2023 • 3150
„ეს არხი ღალატში მიჰყვება ხელისუფლებას“ — კახა კინწურაშვილმა „იმედი“ დატოვა

მსახიობმა, „დილის შოუს“ წამყვანმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო პოლიტიკის პროტესტის ნიშნად დატოვა.

„იმედიდან“ რეალურად 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი“, — უთხრა კინწურაშვილმა „მედიაჩექერს“.

„ჩემთვის მიუღებელია პროცესები, რაც, ერთი მხრივ, თან ახლავს ამ კანონპროექტების დამტკიცებას და მეორე მხრივ, ის, რა საფრთხეების წინაშეც გვაყენებს ამ კანონპროექტების შინაარსი. მიუღებელია, რომ რეალურად დღეს სახელმწიფო უხვევს დასავლურ კურსს. ის, რომ ეს რუსული კანონია, ჩანს არა მხოლოდ შინაარსში, არამედ იმ გამოცდილებაშიც, რაც რუსეთის მაგალითის სახით გვაქვს და ამის არდანახვა უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა“, — ამბობს კინწურაშვილი და დასძენს, რომ ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ გააკეთა, რუსულია.

მისი თქმით, ადამიანებმა იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც ასოცირდებიან ხელისუფლებასთან და ვინც ქმნიან საინფორმაციო პოლიტიკას, „ალბათ, უკვე ძალიან შეტოპეს“.

„არ ვიცი, რის გამო, რის საფასურად აკეთებენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლომდე არიან ამაში ჩართულები“, — დასძენს კინწურაშვილი.

ამასთან, კინწურაშვილის თქმით, „იმედში“ არიან ადამიანები, რომლებსაც დიდ პატივს სცემს, მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს.

„ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, არასდროს ყოფილა ტელევიზიაში მუშაობა კომფორტული, რაც კარგად იციან ტელემენეჯერებმაც და პროდიუსერებმაც, უბრალოდ, ამ ქვეყანაში რთულია, ცხოვრობდე მხოლოდ სამსახიობო კარიერით და გჭირდება სხვა გზებიც, მაგრამ მე არასდროს ვეთანხმებოდი „იმედის“ საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ღალატს, ეს უკვე აღარაფერში წერია. მე, ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, ვდგავარ იმის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს, ამას კი არ ეწინააღმდეგება ეს არხი და პირიქით, მხარდამჭერია და მიჰყვება ამ ღალატში ხელისუფლებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მანდ ვერ ვიქნებოდი. მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან და სინდისთან“, — განაცხადა კინწურაშვილმა.

მსახიობი არ გამორიცხავს, მის ამ ნაბიჯს მორიგ ჯერზე მოჰყვეს დისკრედიტაცია და ამბობს, რომ ამისთვის მზად არის, რადგან „სასწორზე სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები დევს“.


სამთავრობო ტელეარხ „იმედის“ რამდენიმე ჟურნალისტმა ბოლო დღეებში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტა რუსული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას, როგორც ეს რუსეთში მოხდა 2012 წლიდან დღემდე. თუმცა არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელია.

მიუხედავად „იმედის“ ცალკეული ჟურნალისტების პოსტებისა და განცხადებებისა, ტელეარხი რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებულ პროცესებს კვლავ მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდის ნარატივით აშუქებს. ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტები ეფუძნება ამერიკულ FARA-ს და ემსახურება გამჭვირვალობას.

„იმედს“ მაყურებლისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებია ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რეალურად რატომ არის „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები რუსული, რატომ უქმნის საფრთხეს ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის არსებობას და ასევე, რატომ უქმნის საფრთხეს მთავარს — საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, როგორც ამას საქართველოს დასავლელი პარტნიორები აცხადებენ.

„იმედი“ მაყურებელს არ აწვდის ინფორმაციას საზოგადოების იმ წარმომადგენელთა პოზიციების შესახებ, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგებიან რუსული კანონის მიღებას.

არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა, ხელოვანმა, მეცნიერმა, ასეულობით ლექტორმა დაგმო რუსული კანონი, თუმცა „იმედს“ ამის შესახებ მაყურებლისთვის, პრაქტიკულად, არაფერი უთქვამს. „იმედის“ ვებსაიტზე ვერ შეხვდებით ინფორმაციას ხვიჩა კვარაცხელიას, ზაზა ფაჩულიას, მზექალა შანიძის, გია დვალისა და სხვების კრიტიკულ მოსაზრებებს.

ტელეარხი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას ძირითადად სახელისუფლებო ექსპერტებისა და პროპაგანდისტების — ლევან ნიკოლეიშვილის, გია აბაშიძის, დავით ქართველიშვილისა და სხვების მოსაზრებებს, რომელთა ნააზრევი გაჯერებულია რევანშისტული მოწოდებებითა და ანტიდასავლური განცხადებებით.

„იმედის“ ჟურნალისტთა ნაწილი პროტესტს აფიქსირებს, სარედაქციო პოლიტიკა უცვლელია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი