ახალი ამბები

კარასინი საქართველოს მთავრობას იცავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისგან

8 მარტი, 2023 • 1722
კარასინი საქართველოს მთავრობას იცავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისგან

“გთხოვთ, გააკავეთ ბორელი! თავისი ჭკუის წავლებებით ამჯერად საქართველოს მოქალაქეებზე ახდენს ზეწოლას. ეს უკვე ყველა საზღვარს სცდება!”, – ასე გამოეხმაურა ჟოზეფ ბორელის განცხადებას გრიგორი კარასინი, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილე, დღეს, 8 მარტს, ტელეგრამ არხზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა განცხადება გაავრცელა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან ცუდი მოვლენაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებს, რაც უარყოფით შედეგებს მოიტანს მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებლობს მათი საქმიანობით. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რასაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. მის საბოლოო მიღებას შესაძლოა, სერიოზული შედეგი მოჰყვეს ჩვენი ურთიერთობებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი და შეახსენებს ხალხის უფლებას, გამართონ მშვიდობიანი პროტესტი.

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი