ახალი ამბები

გახარია: დამალული ივანიშვილი გამოვიდეს და ახსნას, რატომ ვაჭრობს ეროვნული ინტერესებით

7 მარტი, 2023 • 1132
გახარია: დამალული ივანიშვილი გამოვიდეს და ახსნას, რატომ ვაჭრობს ეროვნული ინტერესებით

პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დროა „დამალულმა ივანიშვილმა პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს“ და კულისებიდან გამოვიდეს:

„დროა დამალულმა ივანიშვილმა პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეებს, გამოვიდეს კულისებიდან და ახსნას, რატომ ვაჭრობს საქართველოს ეროვნული ინტერესებით და ართმევს ჩვენს შვილებს ევროპულ მომავალს. საქართველო ევროპაა“ ,— ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი