საქართველოს პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად 96 ხმით, 0-ის წინააღმდეგ აირჩია.
ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. იოსელიანს მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“, „მოქალაქეებმა“ [ალეკო ელისაშვილი და თავად ლევან იოსელიანი], „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ სრული შემადგენლობით, „რეფორმების ჯგუფის“ ორმა წევრმა (თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე), რომელიც სხდომას ესწრებოდა, ასევე, უფრაქციო დეპუტატებმა: ზაალ მიქელაძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, დილარ ხაბულიანმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა, ეკა სეფაშვილმა, გურამ მაჭარაშვილმა, თამარ კორძაიამ, დავით კაჭარავამ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ვიქტორ ჯაფარიძემ.
სხდომაზე დამსწრეთაგან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას გუნდი „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩიეს. ამავე სხდომაზე მას შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება.