ახალი ამბები

მიდის მცდელობა, მიიღონ პირველი კანონპროექტი ან ჰიბრიდული ვარიანტი — გოგოლაშვილი

7 მარტი, 2023 • 797
მიდის მცდელობა, მიიღონ პირველი კანონპროექტი ან ჰიბრიდული ვარიანტი — გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ “აგენტების” შესახებ მეორე კანონპროექტი, რომელსაც მმართველი გუნდი “ამერიკული კანონის ანალოგად” მოიხსენიებს, ყურადღების გადატანის მიზნით არის შემოტანილი.

გოგოლაშვილი ამ საკითხზე ჟურნალისტებს ესაუბრა 6 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის ორი კანონპროექტის განხილვის შემდეგ, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა. კომიტეტმა ორივე მათგანს დაუჭირა მხარი.

“ამერიკული კანონის თარგმანი შემოტანილია უბრალოდ იმისთვის, რომ ამ განხილვების მთელი ენერგია და ტვირთი გადავიტანოთ იმაზე. საბოლოო ჯამში, იტყვიან, რომ ეს კანონი ძალიან ხისტია და მივიღოთ მეორე, რომლის განხილვაც ნაკლებად ხდება.

მე მივაქციე ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან დეტალებს პირველ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც არ მიაქციეს თითქოს ყურადღება ან მიჩქმალეს.

მე დარწმუნებული ვარ, მიდის მცდელობა, რომ მიიღონ ან პირველი კანონი, რომელშიც 20%-ია საკმარისი იმისთვის, რომ დაგარეგისტრირონ, ან ჰიბრიდული ვარიანტი, რომელშიც რაღაცას ამერიკული კანონიდანაც გადმოიტანენ”, — დასძენს გოგოლაშვილი.

“საბოლოო ჯამში, არის ასეთი პოლიტიკური თამაში და მეტი არაფერი”,  — ამატებს ის.

გოგოლაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, საქმიანობა გაურთულოს სამოქალაქო სექტორს და მეტი ბარიერი შექმნას მისი დაფინანსების კუთხით. თუმცა, მისივე სიტყვებით, შესაძლოა, ეს მიზანი უფრო ფართოც იყოს.

“მაგალითად, ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივება საზოგადოებაში, იმიტომ, რომ ახლა უკვე არ ვარ დარწმუნებული, რომ კანდიდატის სტატუსი სჭირდებათ და ევროკავშირში გაწევრიანება არის ხელისუფლების მიზანი.

მე მგონია, რომ ხელისუფლებაში, ალბათ, აზრი გაყოფილია. ყველა ერთპიროვნულად არ არის ანტიდასავლური შეხედულებების მქონე: ალბათ, იმედია. მაგრამ ჯერჯერობით გუნდური პოზიცია არის ევროსკეპტიკური და ანტიდასავლური”, — აღნიშნავს ის.

რა ხდება

უკვე ერთ კვირაზე მეტია, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის რუსულ კანონპროექტებს, რომელთა მიზანი ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი