ახალი ამბები

შშმ პირთა უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით – შშმ ახალგაზრდათა მიმართვა

7 მარტი, 2023 • 644
შშმ პირთა უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით – შშმ ახალგაზრდათა მიმართვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები მოუწოდებენ პარლამენტს, არ მიიღოს რუსული კანონპროექტები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ.

„აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებული ნაწილის უმრავლესობა საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით განხორციელებული პროგრამებით, მომსახურებებითა და სერვისებით.

უცხოური დონაციებისა და დაფინანსებების დამსახურებაა, რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, ინკლუზიური განათლება სკოლებში, რომ არსებობს დიდი ზომის ინსტიტუციების ალტერნატივა- საოჯახო ტიპის საცხოვრისები, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.

თავად რატი იონათამიშვილი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმას საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მის ხელში გაიარა უამრავმა დაფინანსებამ უცხოური წყაროებიდან, მას დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის აუცილებელ სერვისებსა და მომსახურებებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრება. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თვითმიზანი კი  ევროკავშირია.

აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო რუსულ კანონპროექტს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:
მარიამ დარბაიძე
ანა სიხაშვილი
ესმა გუმბერიძე
დავით ყვირილიანი
თათია დათაშვილი
ლუკა ხუხიაშვილი
ნათია კოპაძე
გიორგი კისკეიძე
ნანა ბრეგვაძე
ნიკა გაბიაშვილი
ლელა არაბული
ლიკა მაწკეპლაძე
ლია ტაბატაძე
მარიამ ნინიკაშვილი
ლევან ჯარიაშვილი
გოდერძი გოგოლაძე
ვიქტორ გამაროიძე
მარიამ დოხნაძე
ბაჩანა როსტომაშვილი
ლეილა ხაჭაპურიძე
მარიამ მიქიაშვილი
თამილა საგინაძე
გიორგი ენუქიძე
მარიამ ყაველაშვილი
თეა თიღილაური
გიორგი ელბაქიძე
სტანისლავ ციბულსკი
დავით მეარაყიშვილი
ხატია ტატურაშვილი
ეკატერინე ცხვარიაშვილი
ნანა თოლორდავა
ანა გოგუაძე
ლილე ტერტერაშვილი
სალომე ქეცბაია
მარი კორკოტაძე
ჯანო ძირკვაძე
ნიკა ცერცვაძე
ანი სეროპიანი
სოფიო მასურაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი