ახალი ამბები

ჩემი პოზიცია მკვეთრად ნეგატიურია – იოსელიანი რუსულ კანონზე

6 მარტი, 2023 •
ჩემი პოზიცია მკვეთრად ნეგატიურია – იოსელიანი რუსულ კანონზე

სახალხო დამცველობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტების მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა იოსელიანის გამოსვლას მოუსმინა და მას კითხვები დაუსვა. იოსელიანს „ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმა მხარდაჭერა კომიტეტზევე გამოუცხადა.

„მთელი დღე ამ კანონთან დაკავშირებით ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომელიც არის მკვეთრად ნეგატიური. მიმაჩნია, რომ ეს კანონი ხელს უშლის ჩვენს პერსპექტივას იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი, გარდა იმისა, რომ შეიცავს მთელ რიგ პრობლემებს. აღარ მინდა ამ კანონზე საუბარი, რადგან დღეს მთელი დღე ამ კანონზე ვსაუბრობთ. ერთ რამეს ვიტყვი მხოლოდ – ის მოსაზრებები, ის პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც დღემდე მაქვს დაფიქსირებული, როგორც პოლიტიკოსს – მე არ ვაპირებ ჩემს მოსაზრებებზე უარის თქმას“, – ამბობს იოსელიანი.

მისივე თქმით, ეს შეხედულებები ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა მმართველი პარტიის შეხედულებებს.

„ის კანონის დანაწესი, რომელიც ამბობს, რომ სახალხო დამცველი დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკისგან და იყოს ამ პროცესის ნეიტრალური შემფასებელი. მე, ჩემი ამ თანამდებობაზე განწესების შემთხვევაში შევეცდები, რომ ყველა ის პროცესი, რომელსაც მე ვაფასებდი, როგორც პოლიტიკოსი, უკვე შევაფასო სახალხო დამცველის პოზიციიდან და ეს შეფასება იქნება სწორედ იმ საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, რომელსაც კანონი სახალხო დამცველის შესახებ აყენებს“, – დასძენს ის.

2022 წლის 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა  ვერ მოახერხა, აერჩია ახალი სახალხო დამცველი და, შესაბამისად, ამ ეტაპზევე შეესრულებინა ევროკომისიის მე-12 რეკომენდაცია.


დღეს, 6 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი