ახალი ამბები

მაჭარაშვილის თქმით, რუსულ კანონს არ გაავრცელებენ შშმ პირთა ორგანიზაციებზე

6 მარტი, 2023 • 893
მაჭარაშვილის თქმით, რუსულ კანონს არ გაავრცელებენ შშმ პირთა ორგანიზაციებზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, გადაიხედოს და ის არ შეეხოს შშმ პირებზე, საგანმანათლებლო და სამედიცინო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს. ამით ის დაეთანხმა „ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამიშვლის იდეას.

დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა მაჭარაშვილს დაუსვა კითხვა, ხომ არ შეიძლებოდა, შშმ პირებთან მიმართებით საგამონაკლისო წესები დაწესებულიყო, რაზეც მაჭარაშვილი პასუხობს:

„გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები, გვქონდა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებით, ანუ ისეთ სფეროებთან, სადაც პრაქტიკულად შემხებლობა არ არის ისეთ პროცესებთან, სადაც არ არის ისეთი პროცესები, სადაც რაიმე რისკები შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, პირველი მოსმენის დონეზე ეს იქნება გათვალისწინებული“, — ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი