ახალი ამბები

„შევისწავლით ე.წ. აგენტების კანონის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან“ — ეუთო/ოდირი

6 მარტი, 2023 • 465
„შევისწავლით ე.წ. აგენტების კანონის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან“ — ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, ამზადებენ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებულ კანონპროექტის შეფასებას:

„გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ეუთო/ოდირი ამზადებს სამართლებრივ მოსაზრებას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საქართველოში და მის შესაბამისობასზე საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ მნიშვნელოვან საკითხზე“, — ნათქვამია ეუთო/ოდირის მიერ დღეს, 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი