ახალი ამბები

USAID საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას „აგენტების“ კანონპროექტებზე

3 მარტი, 2023 • 2260
USAID საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას „აგენტების“ კანონპროექტებზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებზე.

„საქართველოს მიერ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ქართველების შესაძლებლობას, განახორციელონ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სხვა მისწრაფებები“, — აცხადებს სამანტა პაუერი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი