ახალი ამბები

პარლამენტთან „ტაბულას“ ჟურნალისტიც დააკავეს

2 მარტი, 2023 • 704
პარლამენტთან „ტაბულას“ ჟურნალისტიც დააკავეს

პარლამენტთან „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც დააკავეს. მანამდე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დააკავეს „პუბლიკის“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჟურნალისტების დაკავების მიზეზის და მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის გარკვევას. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საგარეო ურთიერთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე არ უშვებდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს კი, რომლებიც სხომას ესწრებოდნენ, სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პარლამენტში აკრედიტებული რამდენიმე ჟურნალისტი ასევე ძალის გამოყენებით გამოაძევეს პარლამენტის ეზოდანაც.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ. როგორც კანონპროექტის ავტორებმა და დეპუტატებმა აღნიშნეს, პირველ მოსმენით კანონპროექტებს პრინციპების დონეზე უჭერენ მხარს, შინაარსობრივი განხილვა კი ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მოხდება.

კომიტეტის სხდომა ფიზიკური შეხლა-შემოხლის და პროტესტის ფონზე გაიმართა. სხდომის ჩატარება თავდაპირველად დანიშნული იყო პირველი რესპუბლიკის დარბაზში, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიტანეს ჟიული შარტავას სახელობის შედარებით მცირე ზომის დარბაზში, სადაც ნაკლები ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. კომიტეტის სხდომაზე არ შეუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, თუმცა შეუშვეს „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე, ჯონდი ბაღათურია, თამარ ჩიბურდანიძე და „ხალხის ძალის“ აქტივისტები. თუმცა ნიკა სამხარაძემ თქვა, რომ არასამთავრობოთა ნაწილი, რომელმაც მიმართა პარლამენტს, სხდომაზე დაშვებულია.

კანონის მოწინააღმდეგეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუშლის ხელს.

„ადამიანები ევროკავშირის სახელით და ევროკავშირში გაწევრიანების დიადი მიზნით ისე იქცევიან, რომ არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ ასეთი ქცევით, როცა ასეთი პარლამენტარები გვყავს, არამედ დედამიწიდან თუ არ გაგვასახლებენ, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს დედამიწელებს“, — განაცხადა ნიკა სამხარაძემ.

კანონპროექტების განხილვას დარბაზს გარეთ და ასევე, ქუჩაში აპროტესტებდნენ იმ მედიისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტები პირდაპირ ეხებათ. პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე კი პოლიციელებმა მომიტინგეები დააკავეს.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი FARA-ს „უფრო შერბილებული” ვერსია — „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და 2. „ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი” — „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი