საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს არჩილ თალაკვაძეს ყოფილი კოლეგები მიმართავენ, რომ მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს.
ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“(NCCE). წერილში თალაკვაძეს მიმართავენ ყოფილი კოლეგები და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ამჟამინდელი თანამშრომლები, რომ მისი მხარდაჭერის იმედი აქვთ და სჯერათ, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, აღნიშნული კანონპროექტი კანონად რომ არ იქცეს.
„ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა დემოკრატია, თუმცა, ამ წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძელით მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განმტკიცება, როგორიცაა – თავისუფალი მედია, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, უფრო ეფექტური თვითმმართველობა და ანგარიშვალდებული ხელისუფლება. დღე, ქვეყანაში გვაქვს სხვადასხვა მედია, რომლითაც ხშირად და აქტიურად ისმის ოპოზიციის ხმა; გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თავისუფლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ნებისმიერ საკითხზე.“ ორი წლის წინ ამ სიტყვებით მიმართეთ მე-10 მოწვევის პარლამენტს, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორ ფიქრობთ, ორი წლის შემდეგ შეძლებთ ამ სიტყვების გამეორებას?
ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი, რომელიც, 2011-2012 წლებში, აშშ-ის ელჩთან ერთად, სიამაყით ხსნიდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებს“, დღეს მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას მხარს არ დაუჭერს. საჯარო დისკუსიების ორგანიზება, მოქალაქეების ჩართვა დემოკრატიულ პროცესებში და დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება არ არის უცხოური ძალის გავლენა. 11 წლის უკან ასეთ კანონპროექტს ჩვენთან ერთად გააპროტესტებდით; მაქსიმალურად ეცდებოდით ცენტრებში საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი მოქალაქეების მობილიზებას, რათა შეწინააღმდეგებოდით მსგავს ინიციატივას და თქვენს წვლილს შეიტანდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისა და მომავლის დაცვაში“, – ნათქამი თალკავაძისთვის მიწერილ წერილში.
თალაკვაძეს ყოფილი კოლები მიმართავენ, რომ მას კარგად ესმის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის მნიშვნელობა, ვინაიდან 2011-2012 წლებში, როცა USAID-ის ,,კარგი მმართველობის“ პროგრამაში მუშაობდა, აქტიურად უჭერდა მხარს ძლიერი, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების იდეას.
„რომ მათი დახმარებით გაძლიერებულიყვნენ ახალგაზრდები, ქალები, შშმ პირები, ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, ფერმერები, საკუთრი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები. სწორედ USAID-ის „კარგი მმართველობის“ პროგრამის ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს ათ ქალაქში ხელმისაწვდომი სივრცეები ყველა ადამიანისთვის, რის ბაზაზეც შემდგომში დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ჩამოყალიბდა. ჩვენ დღესაც სხვადასხვა სფეროს ათიათასობით წარმომადგენელს ვმასპინძლობთ ყოველწიურად, ვეხმარებით სხვადასხვა დაუცველ მოქალაქეს საკუთარი უფლებების დაცვაში და ამ საქმეში გვერდით გვიდგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
თქვენ ყველაზე კარგად გაიგებთ ჩვენს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული კანონის მიღება არა მარტო სამოქალაქო სექტორის სიცოცხლისუნარიანობას შეუქმნის საფრთხეს, არამედ საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ სვლას დააბრკოლებს, კანონის მიღება დააზარალებს ქართველ ხალხს.
გვჯერა, რომ თქვენ არ დაუჭერთ მხარს ამ კანონს და დაარწმუნებთ თქვენს კოლეგებს, რომ ის მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. გვეწვიეთ ათივე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ახალციხეში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, თელავში, მარნეულში, ოზურგეთში, რუსთავში, საგარეჯოსა და ქუთაისში და მოისმინეთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი ამ თემაზე“, – მიმართავენ თალაკვაძეს.
წერილს ხელს აწერენ:
- თეონა დიასამიძე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- გრიგოლ მახარაძე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- ლიკა იმერლიშვილი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ყოფილი კოორდინატორი
- ეკა მინჯორაია, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- მარიამ სამხარაძე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- ქეთევან სიბაშვილი, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- ქეთევან ციბაძე, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- ლიანა ჩარკვიანი, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- თამარ მოდებაძე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- სოსო მეზვრიშვილი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- თამარ თუმანიშვილი, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი
- ნათია სირდაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის პროგრამის მრჩეველი
- ნინა ხატისკაცი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი
მსგავსი თხოვნით მიმართეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმაც. მათ სამხარაძეს სთხოვეს, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებას.
ასევე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზე, თავად დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.
ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.