საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირეს რუსული კანონის კიდევ ერთი ვერსია  „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.

აღნიშნული კანონპროექტი ბიუროს სხდომის პარალელირად გააპროტესტეს ჟურნალისტებმა. მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა, რომ მათზე საშვები იყო გაცემული. მათმა ნაწილმა კი, რომლებმაც პარლამენტში შესვლა შეძლეს, ბიუროს სხდომათა დარბაზთან აქცია გამართეს. ჟურნალისტებს თან ჰქონდათ თაბახის ფურცლები, წარწერით „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“.

აღნიშნულთან დაკავშირებით 60-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. ხელმომწერები აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გაუარესებული ვერსიის წარდგენა მას შემდეგ დააანონსეს, რაც პირველმა ვერსიამ მედიის ნაწილისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კრიტიკა გამოიწვია. ასევე, ევროკავშირმა ღიად განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით პირდაპირ დაირღვევა იმ 12 პუნქტიდან მინიმუმ 2, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას „კეთილსინდისიერად“ ეწევა. თუმცა გაურკვეველია, კანონპროექტის ავტორები რას იგულისხმებენ „კეთილსინდისიერ“ საქმიანობაში.

კანონპროექტი ასევე არ შეეხება უცხოური ძალის ადვოკატს, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს, ასევე, ოფიციალურად რეგისტრირებულ ლობისტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შექმნილი კანონპროექტის გაუარესებული ვერსიით ყველა დანარჩენი პირი ვალდებულია, „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

რეგისტრაციისას „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრირებულმა პირმა უნდა მიუთითოს:

  • ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ;
  • ინფორმაცია დამფუძნებლებისა და მეწილეების შესახებ იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა;
  • ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, „რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს“;
    შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;
  • ინფორმაცია დაფინანსების შესახებ და ა.შ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის რეპრესიული კანონპროექტი აწესებს, ზემოთ დასახელებული ნებისმიერი ინფორმაცია იქნება საჯარო და მისი გასაჯაროების წესს გენერალური პროკურორი გადაწყვეტს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონპროექტის მიხედვით, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.“

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ის „არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.“

დოკუმენტის ავტორები არიან: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ვიქტორ ჯაფარიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ ისინი განიხილავენ როგორც პირველ, ისე მის მეორე, უფრო რეპრესიულ ვარიანტს.