ახალი ამბები

„მჯერა, ომი მალე დასრულდება“ — უკრაინელები თბილისში აქციას უერთდებიან

24 თებერვალი, 2023 •
„მჯერა, ომი მალე დასრულდება“ — უკრაინელები თბილისში აქციას უერთდებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, დღეს, 24 თებერვალს, 19 საათზე, უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია იმართება. 24 თებერვალს შესრულდა ერთი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან.

აქციაზე იქნებიან საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, რომლებიც ომს გამოექცნენ. ისინი ჯერ მეტრო რუსთაველთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ.

„აქციაზე გამოვედით, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი სულერთი არ არის, უნდა გამოვიდეთ და ამის შესახებ ვისაუბროთ. გაჩუმება არ შეიძლება, მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რა ხდება.

ვფიქრობ, რომ ომი უკვე დასასრულისკენ მიდის, უკვე ერთი წელია გრძელდება და ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება როგორც სულიერად, ისე. ფიზიკურად, ამიტომ მჯერა, რომ მალე დასრულდება. ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“, — უთხრა დაშამ ნეტგაზეთს, რომელიც ომს საქართველოში გასული წლის მარტში გამოექცა ოჯახის წევრთა ნაწილთან ერთად. მისი ოჯახის მეორე ნაწილი ამ დრომდე უკრაინაშია.

როგორც ის ამბობს, ქართველების ძლიერ მხარდაჭერას გრძნობს და ეს მისთვის სასიამოვნოა:

„როცა ქუჩაში ვმოძრაობთ, უკრაინის ძალიან ბევრი დროშა, სტიკერი და სიმბოლო გვხვდება, რაც გვსიამოვნებს. როდესაც დროშებით გვხედავენ, მოდიან, გვეხუტებიან.“

დაშა დარწმუნებულია, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება უკრაინისვე გამარჯვებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი