ახალი ამბები

პოლონეთის პირველი “ლეოპარდები” უკვე უკრაინაშია — მინისტრი

24 თებერვალი, 2023 • 1037
პოლონეთის პირველი “ლეოპარდები” უკვე უკრაინაშია — მინისტრი

პოლონეთის “ლეოპარდ 2” ტიპის ტანკების ნაწილი უკვე უკრაინაშია. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

“პოლონეთის “ლეოპარდების” პირველი პარტია უკვე ჩავიდა უკრაინაში”, — ციტირებს       ბლაშჩაკს პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TVP .

მისივე ინფორმაციით, პარალელურად, უკრაინელი ჯარისკაცები პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო ცენტრში “ტრენინგს გადიან” ტანკების მართვასთან დაკავშირებით. პროცესში მონაწილეობენ პოლონელი, ნორვეგიელი და კანადელი ინსტრუქტორები.

პოლონეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, ამ ეტაპისათვის “ლეოპარდის 2-ის” ტიპის რამდენი ტანკია ჩასული უკრაინაში.

TVP-ის თანახმად, ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ “მსუბუქი ტონით” აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი კიევში გაემგზავრა პოლონეთის “ლეოპარდი 2” ტიპის საბრძოლო ტანკების ჩასატანად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის წლისთავზე. “პოლონეთის პრესის სააგენტოს”(PAP) ცნობით, მორავიეცკი სწორედ იქ განაცხადებს უკრაინისთვის პოლონეთის მიერ პირველი “ლეოპარდების” მიწოდების შესახებ.

“ლეოპარდ 2” გერმანიის წარმოებული ტანკია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო არსენალშიც ირიცხება. ისინი ამ ქვეყნებს ექსპორტის ლიცენზიით მიეწოდა. იმისათვის, რომ ამ სახელმწიფოებს ტანკები მესამე ქვეყნისთვის, ამ შემთხვევაში,უკრაინისთვის მიეწოდებინათ, სწორედ გერმანიის თანხმობა იყო საჭირო.

იანვარში, როცა გერმანია ჯერაც ორჭოფობდა უკრაინისთვის ხსენებული ტანკების მიწოდების საკითხზე, პოლონეთი ამბობდა, რომ თუ ბერლინი კიევისთვის “ლეოპარდების” გადაცემაზე უარს იტყოდა, ვარშავა მოძებნიდა პარტნიორებს, რათა უკრაინისთვის აღნიშნული ტანკები მიეწოდებინა.

საბოლოოდ, იანვრის მიწურულს, ბერლინმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის “ლეოპარდების” მიწოდებას. კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობდა, რომ ეს იყო ინტენსიური კონსულტაციების შედეგი გერმანიის უახლოეს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

ცნობილია, რომ უკრაინას “ლეოპარდებს” მიაწვდის როგორც გერმანია, ისე სხვა მოკავშირეები. პოლონეთი 14 ასეთი ტანკის გადაცემას გეგმავს კიევისთვის.

რა არის „ლეოპარდ 2“ და რატომ სჭირდება უკრაინას

„ლეოპარდ 2“ გერმანული წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკია, რომლის გადაცემასაც უკრაინა ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ითხოვდა. გერმანული წარმოების ტანკები შეტევითი პოტენციალით გამოირჩევა.

კიევში, ხარკოვსა და ხერსონში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინას საბრძოლო ტექნიკის დეფიციტი აფერხებს. უკრაინის ტანკები ძირითადად საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა პერიოდისაა.

უკრაინა და მისი მოკავშირეები  მიიჩნევენ, რომ ომის დასრულებას დააჩქარებდა რუსეთის დამარცხება უკრაინის კონტრშეტევით ბრძოლებში.

ტანკების მიწოდების მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ უკრაინისთვის ტანკების გადაცემა ნატოს ქვეყნების მხრიდან ომში ჩართვის ესკალაცია იქნება, რაც გაზრდის ომის მასშტაბების გავრცელების საფრთხეს. თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ ტანკებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დასაცავად გამოიყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი