ახალი ამბები

“პუტინის მსგავს დიქტატორებს” აშშ-ის საელჩო რუსთაველის აფორიზმით პასუხობს

24 თებერვალი, 2023 • 4099
“პუტინის მსგავს დიქტატორებს” აშშ-ის საელჩო რუსთაველის აფორიზმით პასუხობს

დღეს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა.

საელჩოს თქმით, ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ.

„პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთამენთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას.

ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, რომ მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.

პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი