ახალი ამბებირეკლამა

eConsul – როგორ უნდა აიღოთ სასურველი ქვეყნის ვიზა მარტივად

24 თებერვალი, 2023 • 1377
eConsul – როგორ უნდა აიღოთ სასურველი ქვეყნის ვიზა მარტივად

ვიზის აღება არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, რაც ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მცირე დეტალის გამორჩენის გამოც კი შეიძლება ვიზა ვერ მიიღოთ, შესაბამისად, ამ პროცესს  თან სდევს ნერვიულობა და შიში.

რატომ უნდა დახარჯოთ დრო და რესურსი მოგზაურობის წინა პროცესში, როცა ამის გაკეთება გაცილებით მარტივად შეგიძლიათ?

საქართველოში შეიქმნა სტარტაპი eConsul,  რომელიც პერსონალური ინფორმაციის შევსებაში, შენახვასა და მართვაში გვეხმარება. 

კომპანია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სავიზო პროცედურების გავლის სრულ სერვისს, როგორიცაა: აპლიკაციის შევსება, დოკუმენტაციის გადამოწმება, საკონსულოში ვიზიტის ჩანიშვნა, გასაუბრებისთვის მოსამზადებელი კონსულტაცია და რეგულაციების გაცნობა.

ცოტა ხნის წინ eConsul  საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულიც გახდა. გუნდი იმ 20 სტარტაპს შორის მოხვდა, რომლებიც 150 000-ლარიან გრანტს მიიღებენ.

კომპანიის მისიაზე, ისტორიასა და სამომავლო გეგმებზე „ნეტგაზეთი“ სტარტაპის თანადამფუძნებელს, თინათინ გოგუაძეს ესაუბრა.

  • მოგვიყევით, როგორ შეიქმნა eConsul, რა არის მისი მისია და რა ღირებულებას ქმნის?

კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც ძალიან გართულდა გადაადგილება ქვეყნებს შორის, გაუქმდა ფრენები, დაიკეტა აეროპორტები და საკონსულოები, ადამიანებს დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის გადაადგილების თავისუფლება. ბევრმა ჩვენგანმა ვერ მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, ვერ შეძლო მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება ან ოჯახის წევრების მონახულება. 

გადაადგილების თავისუფლება არის ერთ-ერთი ძირითადი  მოთხოვნილება, რომლის დაკმაყოფილებაც ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია დამღლელ და გაუთავებელ ბიუროკრატიასთან. იკონსული სწორედ პანდემიის დროს შეიქმნა, რათა ადამიანებს დახმარებოდა კიდევ უფრო გართულებული რეგულაციების და შეზღუდვების დაძლევაში.

ყველაფერი დაიწყო ფეისბუქ ჯგუფის (Visa) შექმნით, სადაც თავი მოვუყარეთ ყველაფერს, რაც ეხება ვიზას და მასთან ასოცირებულ რეგულაციებს. აქ მოგზაურები ერთმანეთს უზიარებენ თავიან გამოცდილებებს, სვამენ კითხვებს და იღებენ ამომწურავ ინფორმაციას. იმ ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დამატებითი დახმარება ვიზის აღების პროცედურაში, ჩვენი კომპანია სთავაზობს სრულ სავიზო სერვისს.

ჩვენს სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ დაგვანახა, რომ ჩვენი წამოწყება წარმატებული იყო. იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მოვმსახურებოდით, შევქმენით კომპანია eConsul და დავიწყეთ კადრების მოძიება და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება.

  •  როდის შეუერთდით იკონსულის გუნდს, რა გამოცდილება გაქვთ ტურისტული და სავიზო მიმართულებით როგორც თქვენ, ისე ზოგადად, გუნდს?

ტურიზმის ინდუსტრიაში მაქვს 19-წლიანი მუშაობის გამოცდილება. განათლება მიღებული მაქვს ტურიზმის ეკონომიკის განხრით და მიმუშავია ტურისტულ სააგენტოებში. მიმიღია მონაწილეობა სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებში, საინფორმაციო და FAM ტურებში, მქონია პარტნიორული ურთიერთობები საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებულ კომპანიებსა და წარმომადგენლებთან. 

იკონსულთან ერთად, მინდა გითხრათ, რომ ვაკეთებ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, რაც ფუნდამენტურად ღირებულია ნებისმიერი ადამიანისთვის – ვამცირებთ დროს და ვამარტივებთ ბიუროკრატიას.

  • რა სერვისებს სთავაზობთ დაინტერესებულ პირებს, როგორ ამარტივებს ეს პლატფორმა მოგზაურობის წინა პროცესს? უკვე რამდენ ადამიანს მოემსახურეთ?

მომხმარებელს ვთავაზობთ სრულს სავიზო სერვისს, რაშიც შედის: საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, გამარტივებული აპლიკაციის ფორმა, ონლაინ და სატელეფონო მხარდაჭერა, საკონსულოში გასაუბრებისთვის მომზადება და მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება.

ჩვენს მგზავრებს არ უწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად შეიძლება მოიძიონ საჭირო ინფორმაცია; ჩვენ არა მხოლოდ დოკუმენტების ზოგად ჩამონათვალს ვიძლევით, არამედ მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ვეუბნებით, თუ კონკრეტულად რა ტიპის დოკუმენტიაა საჭირო და სად შეიძლება ეს დოკუმენტი მოიძიონ. 

ჩვენი გამარტივებული აპლიკაციის ფორმა, რომელიც არის ქართულ ენაზე, უმრავლეს შემთხვევაში ყოველგვარი დამატებითი დახმარების გარეშე ივსება მომხმარებლის მიერ, თუმცა, თუ მათ აქვთ კითხვები, ჩვენი გუნდი მზადაა დასახმარებლად. 

ჩვენ ასევე ვჯავშნით ვიზიტს საკონსულოში, იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ამერიკის შემთხვევაში კი ვთავაზობთ საკონსულოში გასაუბრებისთვის მოსამზადებელ კონსულტაციას. ყველა მოწოდებული ინფორმაცია, იქნება ეს აპლიკაცია თუ დოკუმენტები, ზედმიწევნით მოწმდება ჩვენი გუნდის მიერ, რათა გამოირიცხოს ტექნიკური შეცდომის გამო ვიზაზე უარი.

ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია უკვე 1500-ზე მეტ ადამიანს მოემსახურა. ასევე, ვთანამშრომლობთ ტურისტულ სააგენტოებთან და დიდ ორგანიზაციებთან.

  • რომელი ქვეყნის სავიზო პროცესში დახმარებისთვის შეიძლება მოგმართონ საქართველოს მოქალაქეებმა?

საქართველოს და არამარტო საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით ისარგებლონ, ვისაც აინტერესებს როგორ მიიღოს: აშშ-ის (ამერიკის), დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, სამხრეთ აფრიკის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, ესპანეთის, გერმანიაში – სტუდენტური ვიზა და ა.შ. 

ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საკონსულოებში სავიზო განაცხადის გასაკეთებლად.

  • თქვენ გაიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში.  რაში დაგეხმარებათ ეს გამარჯვება, რა სიახლეების დანერგვა იგეგმება ამ რესურსის გამოყენებით? აპირებთ თუ არა პროდუქტის გატანას რეგიონის მასშტაბით?

ამჟამინდელი ოპერაციები მეტწილად დამოკიდებულია ადამიანურ რესურსებზე, თუმცა უკვე ვაშენებთ პლატფორმას, რომელიც თავს მოუყრის ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში. 

ჩვენ ვგეგმავთ ინტეგრირებას სხვადასხვა დაწესებულებასთან და სერვისთან, რათა მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად მოახერხოს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება. 

ჩვენთან შესაძლებელი იქნება: ფინანსური ამონაწერის ამოღება, სხვადასხვა სახის ცნობების მოთხოვნა იუსტიციის სახლიდან, ფოტოგადაღება აპლიკაციისთვის საჭირო ფორმატში, სადაზღვევო მომსახურება, დოკუმენტაციის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. რაც მთავარია, ყველა ეს ინფორმაცია შენახული იქნება მომხმარებლის პროფილში და ყველა შემდეგი ვიზის აღების პროცესი გაცილებით გაუმარტივდებათ ჩვენ მგზავრებს, რადგან მათ აღარ მოუწევთ ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემა ან დოკუმენტების ხელახლა მოძიება.

ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ დავიწყეთ საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება. პირველ ეტაპზე მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში, სადაც გავიმარჯვეთ და მივიღეთ დაფინანსება. მიღებული დაფინანსებით ვგეგმავთ ჩვენი პროდუქტის სრულყოფას და ასევე, ვაპირებთ პროდუქტის გატანას ქვეყნის გარეთ.

მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიზასთან ასოცირებული პრობლემები უფრო ხშირია, რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი, არ აქვთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, შესაბამისად, ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე საქართველოში. 

უფრო კარგად რომ დავინახოთ ეს პრობლემა, ამერიკის შეერთებულ შტატების მოქალაქეს შეუძლია 113 ქვეყანაში სრულიად თავისუფლად მოგზაურობა, საქართველოს მოქალაქეს – 73-ში, ხოლო უზბეკეთის – მხოლოდ 26 ქვეყანაში.

თუმცა, სხვა ქვეყნებში შესვლამდე ჯერ ვაპირებთ ქართული ბაზრის სრულ ათვისებას და პროდუქტის სრულყოფას. ჩცენ გვჯერა, რომ შევძლებთ ვიზის აღების პროცესი გავხადოთ უფრო მარტივი, ხოლო მოგზაურებს დავუზოგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – დრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი