ახალი ამბები

2022 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა — TI

22 თებერვალი, 2023 •
2022 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3-ჯერ მეტია 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა. TI-ს განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. ორგანიზაციის შეფასებით, ზრდა ძირითადად განპირობებულია ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებით:

„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022 წელს საქართველოში 15,000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 22,400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.

ამასთან, TI-ში აღნიშნავენ, რომ გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა და 652 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, მარტი-დეკემბერში, ექსპორტი 3.2%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად განაპირობა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 5-ჯერ ზრდამ.

დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 14.4%-დან 11.7%-მდე შემცირდა, რაც განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები ტემპით გაიზარდა (6.8%), ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი ყველა ქვეყანასთან (32%):

„ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა და 161 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 64% უკავია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია“, — ვკითხულობთ კვლევაში.

TI-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა – 482 მლნ აშშ დოლარით (5-ჯერ მეტი).

ანგარიშის ავტორების თქმით, რუსული საწვავის წილმა იმპორტში 51% შეადგინა:

„45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი და 442 მლნ დოლარი შეადგინა. ნახშირბადიანი ფოლადის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა და 49 მლნ დოლარი შეადგინა. 157%-ით გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში, 70 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“ ,— ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის 46%-ით ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 2.6% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი კი ,ანგარიშის მიხედვით, 32%-ით გაიზარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 8%-მდეა.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლავ მაღალია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე. კერძოდ, კვლევის ავტორების განცხადებით, 2022 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 97% იყო. TI ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი