„საქართაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ (TI) ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მნიშვნელოვნად დაჩქარდა რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი.
კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა 1.1 მლნ ვიზიტორი. TI აღნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 26%-ით ნაკლებია. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2022 წელს, ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში რუსეთიდან 14%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში.
ანგარიშის ავტორების განცხადებით, 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. TI-ს განცხადებით, ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში აქამდე არასდროს მიუღწევია რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე.
ამასთან, ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ორგანიზაციის შეფასებით, ამას მიანიშნებს კომპანიების რეგისტრაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა და განთავსებული დეპოზიტების მოცულობა.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა:
„ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 33 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 51%-ით ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, რუსეთიდან შემოსული ინვესტიციიდან 29 მლნ დოლარი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო.