ახალი ამბები

ბელგიის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

22 თებერვალი, 2023 • 1046
ბელგიის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერკსპლასის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელსაც საფრანგეთში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა ჰქონდა დაწყებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, 40 წლის კაცის ცოლი და სამი შვილი საფრანგეთში იმყოფებოდნენ და სწორედ მათთან გადაყვანას ითხოვდა დაღუპული.

შემთხვევა 16 თებერვალს მოხდა. ბელგიის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა, დაკავების ცენტრის იმიგრაციის დეპარტამენტის სპიკერის თქმით, პირველადი შეფასებით, კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

ცენტრის სპიკერის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა საგანგაშო არ ყოფილა და მას სამედიცინო პერსონალი მეთვალყურეობდა:

„ეს ადამიანები მჭირდო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან და თუ საჭიროა, ჩარევაც ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კაცის მდგომარეობა ჯერ საგანგაშო არ იყო, თუმცა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. პირველადი შეფასებით, კაცი ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა და კრიმინალური ქმედება ან გულგრილობა არ ყოფილა“ , — აცხადებენ იმიგრაციის დეპარტამენტში.

დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი