ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის განცხადებით, შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში ომის დასრულება და არა მისი გავრცელება.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ხელისუფლების კონსპირაცია, თითქოს დასავლეთში გარკვეულ ძალებს სურთ ქვეყნის ომში ჩათრევა, სენატორმა დურბინმა თქვა, რომ ეს საკითხი არ წამოჭრილა.
“თუმცა მკაფიოდ მინდა განვაცხადო – აშშ მოწოდებულია მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, რათა ქვეყნების, როგორიცაა უკრაინა, სუვერენიტეტი და საზღვრები დაცული იყოს. ჩვენ არ ვცდილობთ ომში ჩართვას ვინმესთან. ჩვენ ვცდილობთ მათ დაცვას, ვინც იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის”, – განაცხადა დურბინმა.
“ეს ეხება საქართველოსაც”,- დასძინა სენატორმა შაჰინმა:
“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გვსურს მშვიდობა აქ”.
მისი თქმით, ნებისმიერი ანტიდასავლური დეზინფორმაცია გულდასაწყვეტია.
“ჩვენ გვინდა მშვიდობა და კეთილდღეობა საქართველოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ გვინდა ომის დასრულება უკრაინაში. ჩვენ არ გვინდა, პუტინი შეიჭრას კიდევ რომელიმე სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა შაჰინმა.
