ახალი ამბები

შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია – ჯინ შაჰინი საქართველოს სტუმრობს

19 თებერვალი, 2023 • 946
შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია – ჯინ შაჰინი საქართველოს სტუმრობს

ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და ომის დაწყების შემდეგ.ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“შავი ზღვა ევროპის უსაფრთხოების მთავარი გეოპოლიტიკური რეგიონია, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი ომის ფონზე უკრაინაში. ვლადიმერ პუტინი უკვე მოქმედებს რეგიონში თავისი მავნე გავლენის გასავრცელებლად და ჩვენ ვიცით, რომ მისი ჰეგემონური მისწრაფებები სცილდება უკრაინის აღებას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ. ეს არის ზუსტად ის, რის განხილვასაც ვაპირებ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

საქართველოს წინ მნიშვნელოვანი არჩევნები და დემოკრატიული დღის წესრიგის წინსვლის შესაძლებლობა აქვს , სწორედ [ამ საკითხების] პრიორიტეტულად მიჩნევისკენ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მუშაობენ რა ისინი ქართველი ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნისა და რეგიონში მეტი სტაბილურობის მისაღწევად”, – განაცხადა შაჰინმა.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, ის საქართველოს მიუნხენში უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის შემდეგ, სენატის უმრავლესობის უფროს წევრსა და სენატის უკრაინის ჯგუფის თავმჯდომარე დიკ დურბინთან ერთად სტუმრობს. საელჩოს ცნობით, სენატორები ასევე გეგმავენ რუმინეთში ვიზიტსაც.

“საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე.

საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა ქვეყნის მომავლის განსაზღვრის დიდი პერსპექტივა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს, კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში”, – თქვა დურბინმა.

“ლელო საქართველოსთვის” ინფორმაციით, დღეს, 19 თებერვალს დაგეგმილია პარტიის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძის, სალომე სამადაშვილის და ანა ნაცვლიშვილის შეხვედრა ჯინ შაჰინთან.

“ლელოს” ინფორმაციით, ისინი შეხვედრაზე ამერიკელ კოლეგებს გააცნობენ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზების თაობაზე თავიანთ ხედვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი