ახალი ამბები

დააკავეს პირები, რომლებიც მოქალაქეებს აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდნენ

18 თებერვალი, 2023 • 1109
დააკავეს პირები, რომლებიც მოქალაქეებს აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნისა და ორგანიზების გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალური გამოძიების სამსახურთან თანამშრომლობით თბილისსა და ქუთაისში ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების არაერთგზის შექმნისა და ორგანიზების ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ნ.ვ., 1991 წელს დაბადებული ნ.დ. და 1990 წელს დაბადებული ნ.ბ.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ნ. დ. და ნ. ბ.
აღნიშნულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებული.

შსს-ის თქმით, ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა განახორციელეს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც დადასტურდა დაკავებულთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების სამუშაო ოფისებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ფულადი თანხა, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი