ახალი ამბები

გახარია: ივანიშვილის გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა

17 თებერვალი, 2023 • 1244
გახარია: ივანიშვილის გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, ეს არის ჩემი შეცდომა

პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია ვიდეომიმართვას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. გახარიას თქმით, 2 წლის წინ თანამდებობა იმიტომ დატოვა, რომ გზა, რომელსაც ხელისუფლება დაადგა, ჩიხურ მდვომარეობამდე მიდიოდა.

მისი თქმით, მაშინ „ოცნება“ ვერ დაარწმუნა, რომ ქვეყანა დაშორდებოდა დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ მათი მიზანი სწორედ ეს იყო.

გახარიას თქმით, ქვეყანაში აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ყველას, ვინც ევროპულ და დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ან აზრის თავისუფლად გამოთქმისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ:

„ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა – უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი.
შესაძლებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, რომელსაც ვიმსახურებთ იმიტომ, რომ ამის ფასი ომით რამდენჯერმე გადავიხადეთ. დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა.

ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?! ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც მის უკონტროლო და უკანონო ძალაუფლებას შეზღუდავს და ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი“, — ამბობს გიორგი გახარია.

გახარია ოპოზიციასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთი მხრივ, „ოცნება“ ეუბნება ხალხს, რომ ეს სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილია და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ფული იყოს დაცული, მეორე მხრივ კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს , რომ ეს სახელმწიფო მიშა სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არის მნიშვნელოვანი:

„საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს. ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული მომავალია. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით.

რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, დაბალანსებული და ფრთხილი საგარეო პოლიტიკა. მაგრამ, სინამდვილეში, „ოცნების“ ვითომ „მშვიდობიანი” და „ფრთხილი” პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე, გვტოვებს პირისპირ რუსეთთან“, — ამბობს გიორგი გახარია.

მისი თქმით, დღეს საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. გახარია აცხადებს, რომ ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემების, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო.

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გამოწვევების ფონზე, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამაში მისი წილი პასუხისმგებლობაც არის:

„ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა.

ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის დრო, დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ! დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ, გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას ვიმსახურებთ“, – ამბობს გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი