ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ “გრინსერვის+”-ის დირექტორს და თანამშრომლებს, ასევე “მშენ-ექსპერტის” დირექტორსა და ექსპერტს ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ დღეს, 17 თებერვალს გაავრცელა.
კერძოდ, პროკურატურამ “გრინსერვისი+”-ის დირექტორს ბრალდება დაუმძიმდა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანი სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხოლო “გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, “მშენ-ექსპერტის” დირექტორს და კომპანიის ექსპერტს კი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და “გრინსევრვის+”-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე.
“გრინსერვისის+”-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში. კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.
“გრინსერვის+”-მა შადრევნისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი 2022 წლის აგვისტოში დაასრულა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ “გრინსერვის+”-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით “მშენ-ექსპერტთან” გააფორმა ხელშეკრულება.
„”მშენ-ექსპერტის“ დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.
“მშენ – ექსპერტის” დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა. „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.
მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს ,,მშენ-ექსპერტის“ ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას მოზარდებს ბურთი აუზში ჩაუვარდათ, რის ამოსატანადაც წყალში ჩასულმა ორმა ბიჭმა ელექტროტრავმა მიიღეს, რაც გამოიწვია დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასულმა ელექტროდენმა. ამის შემდეგ ისინი შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ, რა დროსაც მეგობრების დასახმარებლად წყალში ჩავიდა მარიტა მეფარიშვილი, რომელმაც ასევე მიიღო ელექტროტრავმა და შეუძლოდ გახდა. ბავშვები იქვე მყოფმა მებაღემ, დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულია 9 პირი, რომელთაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.