ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი სუვერენიტეტი არ გადაიხედება” – შამბა რუსეთთან შესაძლო გაერთიანებაზე

16 თებერვალი, 2023 • 1594
“ჩვენი სუვერენიტეტი არ გადაიხედება” – შამბა რუსეთთან შესაძლო გაერთიანებაზე

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა განცხადებას აკეთებს აფხაზეთისა და სხვა რამდენიმე ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო შეერთებაზე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.

“რამდენჯერმე გამომიგზავნეს რაღაც განცხადებები გაურკვეველ წყაროებზე დაყრდნობით. სიმართლე გითხრათ, აქამდე ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლა ვგრძნობ, რაღაც პასუხი მაინც საჭიროა.  ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ამას რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ასეთი საკითხები ასე არ წყდება – წავიდა პრეზიდენტი, ჩამოვიდა და რუსეთის შემადგენლობაში ვართ. პრეზიდენტი იქ სამუშაო ვიზიტითაა. დღეს იქ მას უშიშროების საბჭოში ექნება შეხვედრა. ასეთი შეხვედრა მეც მაქვს დაგეგმილი უახლოეს დღეებში. ჩვენ ვამზადებთ ღონისძიებების ერთობლივ გეგმას. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვერ წავალთ, ეს არის განხილვაც კი ჩვენი სუვერენიტეტისა, ჩვენი დამოუკიდებლობისა”.

ამასთან, შამბა ამბობს, რომ ჯერჯერობით შეიძლება განიხილებოდეს ექსპერტების დონეზე ახალი ევრაზიული კავშირის საკითხები, რაც არ ნიშნავს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვას. თუმცა რუსეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა.

დღეს, 16 თებერვალს, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს. თუმცა პუტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკში არ არის გაწერილი ასლან ბჟანიასთან შეხვედრა. მოსკოვში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაც გაემგზავრა. ამასთან, 17 თებერვალს მოსკოვში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტიც იგეგმება.

ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა აფხაზურ, ოსურ, რუსულ და ბელარუსის მხარეებს შორის. აღნიშნული ფორმატით მხარეთა შესაძლო შეხვედრაზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი