ახალი ამბები

EU-ის არცერთ ქვეყანაში არ ანიჭებენ NGO-ებს “უცხოური აგენტის” სტატუსს – IDFI

15 თებერვალი, 2023 • 860
EU-ის არცერთ ქვეყანაში არ ანიჭებენ NGO-ებს “უცხოური აგენტის” სტატუსს – IDFI

ე.წ. უცხოური აგენტების კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს “უცხოური აგენტის” სტატუსს ანიჭებს. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

კვლევაში გაანალიზებულია ევროპული პრაქტიკა და საქართველოში არსებული ვითარება.

IDFI-ის კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (უნგრეთის) არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება).
  • მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება.
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (რუსეთის ფედერაციის) არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, რომელიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას.
  • ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა.
  • ე.წ. უცხოური აგენტების კანონის არათუ მიღება, არამედ, ამ საკითხზე სეროზული საპარლამენტო დებატებიც კი არსებით ზიანს აყენებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.
  • ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მე-10 პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას.

IDFI-ის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. “ხალხის ძალის”) მიერ “უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

“ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ ფუნქციონირებას სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელ მდგენელად მიიჩნევს. საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დადებით ეფექტის შესახებ არაერთხელ აღნიშნულა ევროკავშირის დოკუმენტებში. ევროპული კომისიის 2022 წლის 8 აგვისტოს ანგარიშში “საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ” აღნიშნულია, რომ “სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგში, საჯარო პოლიტიკის ფორმულირებასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხში, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე.” ევროპული პარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციის თანახმად კი, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამოქალაქო საზოგადოების გადამწყვეტ როლს დემოკრატიული ზედამხედველობის პროცესში. ამავე დოკუმენტში ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს, რომ გაუწიონ სამოქალაქო საზოგადოებას პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა იმყოფება “მოლოდინის რეჟიმში” და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, “უცხოური აგენტების” კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყვებაც კი (განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კანონპროექტის დაანონსების შემდგომ “ქართულ ოცნებას” არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია) დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის”, – ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

კვლევის თანახმად, “უცხოური აგენტების” კანონების მიმართ ევროპული სტრუქტურების მიერ დადგენილი სტანდარტები, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიდგომები გვიჩვენებს, რომ ამგვარი ტიპის კანონები არა მხოლოდ ადამიანის ძირითად უფლებებთან, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან, არამედ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოა. ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის “უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა. მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა (ე.წ “ხალხის ძალის”) წინადადება, მათივე მითითებით, სწორედ “უცხოური აგენტების” რეესტრის წარმოებას ითვალისწინებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. “ხალხის ძალის”) კანონპროექტი, თუნდაც უთითებდეს “გამჭვირვალობის” ლეგიტიმურ ინტერესზე, პრინციპულ/სისტემურ დონეზევე ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოების მიერ დადგენილ სტანდარტებს და ძირს უთხრის ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი, რომელიც თავისი შინაარსით სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისკენაა მიმართული, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პოზიციონირების გათვალისწინებით, მკაფიოდ უარყოფით შეფასაბას მიიღებს. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა “12 პრიორიტეტის” აღსრულების ეტაპზეა, მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს შანსს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სახელმწიფოს სტატუსი.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მე-10 პრიორიტეტით (სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში) განსაზღვრულ ვალდებულებას და ნაცვლად არასამთავრობო სექტორის გაძლიერებისა, მიმართულია მისი დაზიანებისკენ. ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული ეს ტენდენცია შემაშფოთებელია და მნიშვნელოვნად უქმნის საფრთხეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას”, – აცხადებენ IDFI-ში.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი