ახალი ამბები

ვანდალიზმზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება — კალაძე

15 თებერვალი, 2023 •
ვანდალიზმზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება — კალაძე

საზოგადოებრივი სივრცეების ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ტრანსპორტის განზრახ დაზიანებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა.

„ბოლო წლების განმავლობაში რამდენი პარკი და სკვერი გაკეთდა ან განახლდა, რამდენი საზოგადოებრივი სივრცე მოწესრიგდა. ამის ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სივრცეებში, ასევე, ახალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ინვენტარს ხშირ შემთხვევაში განზრახ აზიანებენ. უმრავლეს შემთხვევაში ამას აკეთებენ მოზარდები. გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურა და ინვენტარი ზიანდება და დამატებითი თანხების გამოყოფის საჭიროება ჩნდება, რაც შეიძლებოდა სხვა პროგრამებს მოხმარებოდა და ისევ ჩვენს თანამოქალაქეებს ესარგებლათ. ამ მიმართულებით აუცილებელია პასუხისმგებლობის გამკაცრება, რათა ამ ვანდალური ფაქტების პრევენცია მოხდეს“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ვანდალიზმის ფაქტისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 500 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება.

„მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას. კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და კანონმდებელთა მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დღეს მოქმედი რეგულაციით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.

მასალების გადაბეჭდვის წესი