ახალი ამბები

ძმებ კაკულიებს 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

10 თებერვალი, 2023 • 622
ძმებ კაკულიებს 9 წლით პატიმრობა მიესაჯათ

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის საქმეზე ძმები დათო და გუგა კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეცვალა კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენისა და შენახვის ნაწილში და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად).

ძმებს ბრალი ასევე დაუმტკიცდათ 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტსა (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველ ნაწილში (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალი გადაკვალიფიცირების ნაწილში არ ეთანხმება პროკურატურა. ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენს, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბრალდების მხარის ვერსიის მიხედვით, კაკულიებმა 7 მაისს არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. უწყების განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

ბრალდების მხარე ასევე დაობდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი