ახალი ამბები

წულუკიანის უწყებას დავა მოუგო მუზეუმიდან კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა

9 თებერვალი, 2023 • 1776
წულუკიანის უწყებას დავა მოუგო მუზეუმიდან კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ნანა ბუაძემ.

ნანა ბუაძე მუზეუმში 52 წლის განმავლობაში მუშაობდა და ეროვნული მუზეუმის 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით გათავისუფლდა.

როგორც ნანა ბუაძის ადვოკატმა მარიამ გეგუჩაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, სასამართლოში მათ მოთხოვნას წარმოადგენდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაცია და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ნანა ბუაძის გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე.

„აქვე დავამატებ, რომ ჩვენი მოთხოვნა არ ყოფილა მუზეუმში ნანა ბუაძის აღდგენა და მოთხოვნილი გვქონდა აღდგენის ტოლფასი მოთხოვნა, რომელიც არის კომპენსაცია.

რაც შეეხება გათავისუფლების საფუძველს, მუზეუმი უთითებდა, რომ ნანა ბუაძე გაათავისუფლა სამსახურიდან რეორგანიზაციისა და მისი არაკომპეტენტურობის საფუძველზე, თუმცა მუზეუმმა აღნიშნულის დამტკიცება ვერ შეძლო.

შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, რაც გულისხმობს, რომ ნანა ბუაძე სამსახურიდან გათავისუფლდა უკანონოდ. ამასთანავე სასამართლომ დააკმაყოფილა კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გულისხმობს, რომ ნანა ბუაძეს ეკუთვნის ხელფასი გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე“, – აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ნეტგაზეთთან ამბობს, ნანა ბუაძე მე-6 ადამიანია, რომელმაც კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. მისი თქმით, აქედან 3  ადამიანი ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი იყო, 2 — კულტურის სამინისტროსი, 1  კი— კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საააგენტოსი.

ამასთან, ნიკოლოზ წიქარიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კულტყურის სამინისტროს წინააღმდეგ 40-ზე მეტი ადამიანი დავობს.

„რეალურად, ისინი აუქმებენ შტატებს, უცვლიან საქმეებს ან ისე აკეთებენ, რომ თანამშრომლის აღდგენა ტექნიკურად ვეღარ ხდება, თორემ სასამართლო ადგენს, რომ უკანონოდ გაუშვეს, ადგენს, რომ განაცდური უნდა გადაუხადონ, აჯარიმებს მუზეუმს და კომპენსაციას ახდევინებს კიდეც. რადგან ვერ აღადგენენ ადამიანს სამსახურში, მუზეუმი კომპენსაციას იხდის. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს მუზეუმიდან უკანონოდ ათავისუფლებენ“, — განაცხადა ნიკოლოზ წიქარიძემ.

ნეტგაზეთმა კულტურის სამინისტროს ჰკითხა, აპირებენ თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა აქვე განახლდება.


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან.

გირჩევთ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი