თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 თებერვლის დილის მონაცემებით 16 035-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
ამ დროისთვის ცნობილია სირიაში 3 162, თურქეთში კი 12 873 ადამიანის დაღუპვის შესახებ. დაშავებულების რიცხვი რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს.
CNN-ის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.
თურქეთის სამთავრობო მედიის, Anadolu-ს ცნობით, თურქეთში დაშავებულთა რიცხვი 62 ათასს აჭარბებს. გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ დასახლებებში 113 200-ზე მეტი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, მათ შორის, 5 709 სხვა ქვეყნებიდან.
Anadolu-ს ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გადარჩენილი ადამიანებისთვის 92 ათასზე მეტი კარავი დაიდგა.
6 თებერვალს, გვიან ღამით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან 33 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა იგრძნო, მათ შორის, ისრაელსა და ლიბანში.
პირველი მიწისძვრის შემდეგ, რამდენიმე საათში თურქეთის იმავე რეგიონში კვლავ მოხდა მიწისძვრა – 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის.