ახალი ამბები

„არაფერია გამორიცხული“ — UK მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს

8 თებერვალი, 2023 • 959
„არაფერია გამორიცხული“ — UK მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 8 თებერვალს, დასავლეთისგან კიდევ ერთხელ, ამჯერად გაერთიანებული სამეფოს პარლამენტისგან მოითხოვა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა.

„საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინისთვის — ფრთები თავისუფლებისთვის“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვესტმინსტერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.

დაუნინგ სტრიტის ცნობით, თავდაცვის მდივან ბენ უოლესს დაევალა, გამოიკვლიოს, რა თვითმფრინავების მიწოდება შეუძლია დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის. პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თვითმფრინავების გადაცემაზე, მაგრამ მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავებს გაწვრთნის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანელი მფრინავების მომზადებას „ტაიფუნების“ ფრენისთვის 5 წელი დასჭირდა, თუმცა ახლა არკვევენ, რამდენად შესაძლებელია ამ ვადების შეკვეცა.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა უკრაინა ბრიტანეთისგან მოიერიშე თვითმფრინავებს.

„როდესაც საქმე ეხება უკრაინის სამხედრო დახმარებას, არაფერია გამორიცხული“, — თქვა რიში სუნაკმა და დასძინა, რომ საბრძოლო საჰაერო ძალების საკითხი დიალოგის ნაწილია და ბრიტანეთი მოამზადებს უკრაინის საჰაერო ძალებს ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი