ახალი ამბები

„მოგვეცით ფრთები“ — ზელენსკის გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

8 თებერვალი, 2023 • 970
„მოგვეცით ფრთები“ — ზელენსკის გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში

„ჩვენ ვიცით, თავისუფლება გაიმარჯვებს, რუსეთი დამარცხდება და ნამდვილად ვიცით, რომ ეს გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. ეს იქნება ცვლილება, რომელიც დიდი ხანია, მსოფლიოს  სჭირდებოდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ვესტმინსტერის სასახლეში ზელენსკის აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბრიტანელ ხალხს და ხელისუფლებას, ასევე პერსონალურად ექსპრემიერ ბორის ჯონსონსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ომის პირობებში უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ბორის ჯონსონმა გააერთიანა სხვები, როდესაც ეს წარმოუდგენელი იყო და არასოდეს წასულა კომპრომისზე უკრაინის საკითხზე.

ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი ლონდონში 2020 წლის ოქტომბერში, როდესაც მოინახულა ჩერჩილის „ომის ოთახი“ და მის სკამში ჩაჯდომა შესთავაზეს.

„რაღაც მნიშვნელოვანი გრძნობა დამეუფლა, მხოლოდ ახლა მესმის, რა იყო ეს. როგორ გიკვალავს გამბედაობა გზას ყველაზე წარმოუდგენელ გაჭირვებაში, რათა საბოლოოდ დაგაჯილდოოს გამარჯვებით“, — თქვა მან.

თავის ქვეყანაზე საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ყოველთვის დაამარცხებს ბოროტებას.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ნებისმიერ აგრესორს ეცოდინება, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს“, — თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მნიშვნელობაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თემთა პალატის სპიკერ ლინდსი ჰოილს აჩუქა მოიერიშე თვითმფრინავის უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი, წარწერით: „ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად“.


ამ ჟესტით მან დეპუტატებს და მთელ მსოფლიოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას.

„ორი წლის წინ სტუმრობისას მადლობა გადაგიხადეთ გემრიელი ინგლისური ჩაისთვის. მე დღეს დავტოვებ პარლამენტს და წინასწარ ყველას მადლობას გიხდით ძლიერი ინგლისური თვითმფრინავებისთვის… საბრძოლო თვითმფრინავი უკრაინისთვის — ფრთები თავისუფლებისთვის“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამ საკითხს მეფე ჩარლზ III-სთან შეხვედრაზეც ისაუბრებს.

„ბრიტანეთში მეფე საჰაერო ძალების მფრინავია. დღეს უკრაინაში საჰაერო ძალების ყველა პილოტი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის არის მეფე. იმის გამო, რომ ისინი იმდენად ცოტა, ისინი იმდენად ძვირფასები არიან, რომ ჩვენ, ჩვენი მეფეების მსახურები, ყველაფერს ვაკეთებთ, შესაძლებელს და შეუძლებლად, რათა სამყარომ მოგვაწოდოს თანამედროვე თვითმფრინავები, რათა გავაძლიეროთ და დავიცვათ მფრინავები, რომლებიც გვიცავენ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ოფიციალური საერთაშორისო ვიზიტით, აშშ-ისა და პოლონეთის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოს სტუმრობს.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში წინ უსწრებს ბრიუსელში მოგზაურობას. ხვალ იგი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტში და დაესწრება ევროკავშირის ლიდერების სამიტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი