ახალი ამბები

იდლიბი: ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

8 თებერვალი, 2023 • 2716
იდლიბი: ოჯახის 6 წევრი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

სირიის ქალაქ იდლიბში, რომელიც ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ნანგრევებიდან ერთი ოჯახის ექვსი წევრი ამოიყვანეს.

სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის, “თეთრი ჩაფხუტების” ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავთ მაშველებს ცოცხლად ექვსი ადამიანი. აქედან 2 ზრდასრულია, 4 კი — ბავშვი.

კადრების მიხედვით, ტერიტორიაზე შეკრებილი მრავალი მოქალაქე სიხარულის შეძახილებით ეგებებოდა გადარჩენილებს, რომლებიც მაშველებს სასწრაფო დახმარების მანქანებისკენ მიჰყავდათ.

სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია “თეთრი ჩაფხუტები” სირიის იმ ტერიტორიებზე მოქმედებს, რომლებსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ასეთ ტერიტორიებს შორისაა იდლიბი: ომისაგან და საჰაერო დაბომბვებისაგან ისედაც დაზარალებული ქალაქი.

თურქეთისა და სირიის საზღვართან ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 500-ს გადააჭარბა. თურქეთში 7 108 დაღუპული აღრიცხეს, სირიის სახელმწიფო მედია კი 2 547 დაღუპულზე საუბრობს.

მთავარი ფოტო: Twitter/The White Helmets

მასალების გადაბეჭდვის წესი