ახალი ამბები

არ ვემხრობი უშედეგოდ საპარლამენტო ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას – დეკანოიძე

7 თებერვალი, 2023 • 794
არ ვემხრობი უშედეგოდ საპარლამენტო ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას – დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ არ ემხრობა უშედეგოდ საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, ასევე, არც მანდატების დატოვებას.

ამის შესახებ დეკანოიძე Facebook-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა, ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის.

„მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩემმა კოლეგებმა იციან ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) – ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა – უფრო არ გაუშვებენ მიშას.

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს. რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის“, – წერს დეკანოიძე.


მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლოს უარის შემდეგ მისთვის წარმოუდგენელია საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება.

დეპუტატი აცხადებს, რომ ის ემხრობა პარლამენტიდან და საკრებულოებიდან პარტიის დეპუტატების გამოსვლას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ ახლა საპარლამენტო ცხოვრების შეწყვეტის კი არა, საკანონმდებლო ორგანოს დატოვების დროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი