Interviewsახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ უნდა დავიწყოთ კონფლიქტების მოგვარება აფხაზებთან და ოსებთან – ინტერვიუ

7 თებერვალი, 2023 • 2885
როგორ უნდა დავიწყოთ კონფლიქტების მოგვარება აფხაზებთან და ოსებთან – ინტერვიუ

მოგვარდება თუ არა კონფლიქტები აფხაზებთან და ოსებთან რუსეთის შესაძლო გასვლით ამ რეგიონებიდან და რა უნდა გააკეთონ მხარეებმა კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის? ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთთან საუბრობს მალხაზ სალდაძე, კარტერის მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.


ერთ-ერთი კონფერენციის დროს თბილისში ჩვენს საზოგადოებებში არსებული ნარატივებზე საუბრობდით, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტის ტრანსფორმაციას. იქნებ ამის შესახებ ცოტა უფრო დაწვრილებით გვესუბრა…

მთავარი პრობლემა კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის კონფლიქტის მხარეების მიერ ერთმანეთის აღქმაა – თუ როგორ აღვიქვამთ მეორე მხარეს, როგორ ვყვებით ჩვენს ისტორიას და როგორ ავსახავთ თხრობაში სხვის პერსპექტივას ჩვენ მიმართ. თუ ერთი მხარისთვის მეორე მხარე მიუღებელი და უცხოა, რა თქმა უნდა, შეთანხმება თანაცხოვრებაზე გამორიცხულია. თუ არ აღიარებ მეორე მხარეს, ვერ დაელაპარაკები. ცხადია, ეს ურთიერთმიუღებლობა ნარატივებშია გამჯდარი.

ერთმანეთის მიმართ მტრული განწყობა, უნდობლობა და წარსულის ტკივილზე ჩაჭიდება ხელს უშლის კონფლიქტის პოზიტიურ ტრანსფორმაციას. ეს უკანასკნელი კი შეიძლება მხოლოდ ერთს ნიშნავდეს, პირდაპირი დიალოგის სივრცის გაჩენას ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. სამწუხაროდ, ეს არ ხდება. ერთმანეთთან პირდაპირი დიალოგის რესურსი ჯერჯერობით კონფლიქტის არცერთ მხარეს არ აქვს. ამ მხრივ შემოტრიალება შეიძლება გამოიწვიოს მეორე მხარის შესახებ ხედვის და დისკურსის ცვლილებამ, რასაც ალბათ ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება.

დღეს ერთმანეთის პერსპექტივები მიუღებელია ყველა მხარისთვის

აფხაზების და ოსების მეხსიერების პოლიტიკა ჩემთვის ნაკლებადაა ნაცნობი და ვერ ვისაუბრებ. თუმცა, როგორც წესი, განწყობები სარკისებურია. კონფლიქტის ორივე მხარე საკუთარ თავს მსხვერპლად აღვიქვამთ და მეორე მხარეს ვადანაშაულებთ. არ შეგვიძლია იმ წერტილამდე მივიდეთ, რომ ვაღიაროთ, მსხვერპლთან ერთად შეიძლება დამნაშავეებიც ვართ. ვიღაცამ, იქნება ეს ქართული, აფხაზური თუ ოსური მხარე, ეს უნდა დაიწყოს. თუმცა ამის მორალური რესურსიც არ არსებობს.

აღიარება ავტომატურად ნიშნავს მეორე მხარისთვის მორალური უპირატესობის მიცემას და არა ძალადობის და ომის, როგორც პრობლემების მოგვარების გზის დაგმობას. ქართული მხარე ერთგვარად კომფორტულად გრძნობს თავს ამ პრობლემის გადატანით რუსეთთან დაპირისპირების ჭრილში. ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრობლემა რუსეთია, თორემ აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები და დები არიან. ჩვენი პოლიტიკოსების ამ რიტორიკის შესაბამისად, ჩვენ გვინდა აფხაზები და ოსები დავინახოთ ძმებად და მეგობრებად, მაგრამ არ გვესმის, რომ ამით უარს ვამბობთ, გავიგონოთ მათი ხმა და მივიღოთ მათი ტკივილი იმ მსხვერპლთან დაკავშირებით, რაც ამ კონფლიქტებში მათ გაიღეს.

ანუ ქართული მხარე მაინც ეუბნება მათ “ჩემიანი ხარ”…

პრობლემა ისაა, რომ მათი პერსპექტივის მიღება არ გვინდა. მათ სურთ იყვნენ ჩვენთან მიმართებაში “სხვა” და ჩვენ არ ვიღებთ ფაქტს, მათ სურვილს, იყვნენ “სხვა”. ჩვენ ვეუბნებით, რომ არა, თქვენ არ ხართ უცხო. სწორედ აქ იწყება კონფლიქტი. კონფლიქტის მეორე მხარეც ზუსტად ასევე აწყობს ნარატივებს. პოლიტიკური რეჟიმები აფუძნებენ ლეგიტიმურობას მეორე მხარის უარყოფით და მტრის ხატის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციით.

შესაბამისად, კონფლიქტის ტრანსფორმაციის დასაწყისი სწორედ სხვისი პერსპექტივის მიღება იქნებოდა. მაგალითად, აღიარო, რომ კი, თქვენ არ ხართ ქართველები, თქვენც ამ მიწაზე ცხოვრობდით. არ უთხრა, რომ სტუმარი და ჩამოსახლებული ხარ.

საბოლოოდ რას მოიტანს აფხაზების და ოსების პერსპექტივის მიღება ჩვენს კონტექსტში? ეს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს?

და რატომ არ შეიძლება, მაგალითად, დაუშვა შესაძლებლობა, რომ სამხრეთ ოსები და აფხაზები შენს თანასწორ სუბიექტებად აღიარო? რა ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს? ქართულ მხარეს არ ისმის მსგავსი კრიტიკული კითხვები, არცერთი პოლიტიკოსი არ სვამს კითხვას, შეიძლება თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაინგრეს იმ შემთხვევაში, თუკი დღემდე საქართველოს იურისდიქციის მიღმა მყოფი ეს ტერიტორიები გახდებიან მოლაპარაკების მხარეები ისეთ საკითხებზე, რაც განვითარების და ხანგრძლივი მშვიდობის საკითხებს შეეხება როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის.

ჩემი აზრით, სახელმწიფოებრიობა უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების კეთილდღეობას და ამისთვის საჭირო გარემოს შექმნას. თუკი ამჟამინდელი მდგომარეობა რისკებს უფრო შეიცავს ამ გარემოსთვის, რომელსაც, სხვათა შორის, დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში ვხედავთ და  თავის მხრივ მშვიდობა უდავოდ მიაჩნია ინტეგრაციის წინაპირობად, მიჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა, განვითარების დასავლური გზა და დემოკრატია რისკის ქვეშ მოექცეს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ერთგულების გამო? ამაზე პასუხები, ცხადია, არც მე და არც არავის აქვს. თუმცა არც კითხვები ისმის, მსჯელობა არ იმართება და, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი არ გვაქვს, რომელიც ამ ორ პოლუსს შორის პრიორიტეტს გამოკვეთდა, როგორც საზოგადოებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისა და მთავრობისთვის.

ჩვენ არც იმას ვუშვებთ აზრად, რომ თუკი კატეგორიულობა ჩვენ მხარეს მოიხსნება, ეგებ კატეგორიულობის ხარისხი მეორე მხარესაც შემცირდეს და იქაც გაჩნდეს კრიტიკული კითხვები, როგორი სახელმწიფო სურთ, რა ურთიერთობა შეიძლება საქართველოს სახელმწიფოსთან და შეიძლება თუ არა სამშვიდობო პროცესის გაგრძელებად რამე სახის ინტეგრაციული პროცესი გახდეს?

ეს ყველაფერი ვიზიონერული და ჰიპოთეტიური მსჯელობაა, მაგრამ ამ კითხვების მიმართ დახურულობა შესაძლებლობების სივრცესაც ზღუდავს. ეს შეზღუდულობა არსებული გამოცდილებით აიხსნება. მართალია, ყველა კონტექსტი სხვადასხვაა, მაგრამ მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოების დაშლის მოწმეები გავხდით და არა შეერთების თუ გაერთიანების. ჩვენ არ ვიცით, 21-ე საუკუნეში თუ შეიძლება, ორი თუ რამდენიმე სახელმწიფო თუ პოლიტიკურ-ტერიტორიული წარმონაქმნი გაერთიანდეს. ეს შეიძლება ნაკლებადსავარაუდოა, თუმცა სახელშეკრულებო საფუძველზე საერთო პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური სივრცის შექმნის პრეცედენტიც არსებობს, მაგალითად, ევროკავშირის სახით, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით.

კიდევ ერთი კითხვა, რაც ამ მხრივ მიჩნდება, შეიძლება თუ არა პერსპექტივაში დავუშვათ კონფლიქტით გაყოფილ მხარეებს შორის მსგავსი ერთობა? თუკი ასეთი პერსპექტივა მისაღებია, ამისთვის პირველი ნაბიჯი, ისევ გავიმეორებ, მეორე მხარის ავტონომიურობის და სუბიექტურობის აღიარებაა.

ამის საპირისპიროდ, არაღიარება, ჩემი აზრით, აუცილებლად მილიტარიზაციის გზაზე გადის და გაყოფილ მხარეებს მუდმივ დაძაბულობაში და ერთმანეთის მიმართ უნდობლობის რეჟიმში ამყოფებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება რევანშისტული განწყობები და ვინც უფრო სუსტია, მოუწევს უცხო პატრონის ძიება, რაც აფხაზების და ოსების შემთხვევაში რუსეთის მფარველობას და მის სამხედრო ფარის ქვეშ ცხოვრებას ნიშნავს.

შესაბამისად, ეს ზრდის მოთხოვნას მილიტარიზმზე და ასუსტებს სახელმწიფოს იმ ფუნქციას, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო თავისი მოქალაქის და საზოგადოების განვითარებისთვის. უფრო მოკლედ რომ ვთქვა, სასურველია, საზოგადოების კოლექტიური ძალისხმევა და რესურსები დაძაბულობაზე არ იხარჯებოდეს. ამის საპირწონე გარემოს მშვიდობა ქმნის, ამიტომ მშვიდობისთვის ორივე მხარის პერსპექტივები საკუთარ თავზე და სხვაზე უნდა შეიცვალოს.

დღეს, ალბათ, ყველა თანხმდება, რომ მილიტარიზაცია არაა მისაღები

მე არ მგონია, რომ ამაზე ყველა თანხმდება.

ხედვების ცვლა სადამდე მიგვიყვანს?

აქვს თუ არა საქართველოს სახელმწიფოს ევროპული განვითარების პერსპექტივა მილიტარისტული ხედვებით? პერსპექტივა და გამოსავალი სწორედ ხედვების ცვლაა. იმისთვის, რომ სინქრონული გახდეს ეს ხედვები, ვიღაცამ საიდანღაც უნდა დაიწყოს. შეიძლება დაიწყოს იმან, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, საქართველოს უფრო მეტი რესურსი აქვს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ამ კონფლიქტებში დარჩა დამარცხებულის სტატუსი, ჩვენ მეტი რესურსი გვაქვს და საერთაშორისო გარემოს მიმართ უფრო ღია საზოგადოება ვართ. ისინი ჩაკეტილი და იზოლირებული არიან და განვითარების პერსპექტივა ჩვენზე ნაკლები აქვთ. ამიტომ ძლიერს უფრო მეტად შეუძლია პირველმა გადადგას ნაბიჯი.

დამარცხებულს და ძლიერს?

კი, და ეს პარადოქსია. მათ გამარჯვებას რაღაც ფასი ჰქონდა, არა? რუსული დომინაცია და მათზე დამოკიდებულების გაღრმავება.

კონფლიქტების ტრანსფორმაციის საკითხში დევნილების დაბრუნების თემა თუ ჯდება?

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მოცემულ დროის მონაკვეთში დევნილების დაბრუნება შესაძლებელი იყოს. თუმცა, თუ გარემო შეიცვლება და მხარეებს შორის ნდობა შეიქმნება, პირდაპირი დიალოგის სივრცე გაჩნდება. რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს საკითხი ისევ დაუძლეველი იქნება?

უკრაინაში რუსეთის შესაძლო დამარცხების ფონზე, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ქართულმა მხარემ შანსები უნდა გამოიყენოს, ამაზე რას ფიქრობთ?

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აფხაზები და ოსები საქართველოს პირისპირ აღმოჩნდებიან მარტო? რუსეთს ყოველთვის ექნება ჩვენზე დიდი სამხედრო რესურსი. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საერთო კავკასიური კონტექსტი, რომელშიც მხოლოდ რუსული სახელმწიფო არ ფიგურირებს. არსებობს ჩრდილოეთ კავკასია, რომელიც, თავის მხრივ, კონფლიქტური რეგიონია და რომლის კონფლიქტურობის პოტენციალიც სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

მთიელ ხალხთა კონფედერაციის ჩართულობას აფხაზეთის ომში შეიძლება სათანადოდ არ ვაფასებთ [გავიხსენოთ მოხალისეთა ბატალიონები]. დღესაც ამ ფაქტორის გამორიცხვა არ შეიძლება. და საერთოდ, უკრაინის გამარჯვება, რაც ყველას ასე ძალიან გვსურს, რატომღაც მიბმული გვაქვს საკითხის ვითომცდა სწრაფ, ანუ სამხედრო გადაწყვეტაზე.

თუ ოდესმე საქართველოს პოლიტიკური ელიტა და რომელიმე მომავალი მთავრობა,- და, იმედია მთავრობების და მმართველი პარტიების შეცვლასაც ვისწავლით და მივეჩვევით,- ჩათვლის, რომ სამხედრო გზით პრობლემის გადაჭრის დრო დადგა, ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. საქართველოს, როგორც სამომავლოდ დასავლური სახელმწიფოს გზა, რაც ასე გვსურს, არ შეიძლება მილიტარიზმზე და რევანშიზმზე გადიოდეს.

მალხაზ სალდაძე; ფოტო: თაკო ჯიბუტი/"შენი არე"

მალხაზ სალდაძე; ფოტო: თაკო ჯიბუტი/”შენი არე”

თუ დღევანდელი ოფიციალური განცხადებებით შევაფასებთ, ეს რისკი არ არსებობს

დიახ, დღეს ვხედავთ განცხადებებს და მინიმალურია ეს რისკი.

სახელმწიფოც ხომ საზოგადოებას უსმენს და არ გადადგამს არაპოპულარულ ნაბიჯს ზუსტად იმიტომ, რომ “დაკვეთა” არაა. საბოლოოდ, ვინ ქმნის ნარატივებს, საზოგადოება თუ პოლიტიკური ელიტა, ვინ ვის კარნახობს?

საზოგადოებას მეტი პოტენციალი აქვს, შეცვალოს დამოკიდებულება. საჯარო სივრცეში არ არსებობს ალტერნატიული აზრები. ჩვენს საჯარო სივრცეში ვერ ვხედავთ გამოკვეთილ ინსტიტუციებს ან ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ილაპარაკებდნენ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ, იმდენად ვართ ტყვეობაში საკუთარი ნარატივების. ვფიქრობ, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რა უფრო ძლიერია, საერთო ინტერესი თუ კონკრეტული ისტორიული პერიოდის ტრავმა, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ყოველთვის მოახდენენ ჩვენით მანიპულირებას შიდა ოპონენტების წინააღმდეგ.

დღეს არსებული სიტუაცია – “მშვიდობა”, რომელიც მოჩვენებითიც შეიძლება იყოს, რას მოიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში?

ამას არ აქვს არანაირი დადებითი გრძელვადიანი შედეგი. სტატუს კვოს, რომელიც რუსეთმა 2008 წლის შემდეგ შექმნა, იცავს ისევ რუსეთი. ჩვენ შეგვიძლია თუ არა, თავად ვიყოთ ცვლილების შემომტანი? მთავარია, დავფიქრდეთ, რას გვაძლევს დაკონსერვებული მდგომარეობა, წამგებიანია თუ მომგებიანი. ჩემი აზრით, წამგებიანია, იმიტომ, რომ ის ხანგრძლივვადიან მშვიდობას უპირისპირდება. ჩვენ მათთან შერიგება არ გამოგვდის. ან გვინდა კი შერიგება?- ეს არის კითხვა. და თუ გვინდა, რას ვაკეთებთ ამისთვის?

სახელმწიფოს აქვს ინიციატივები

რაც მნიშვნელოვანია, თუმცა მეორე მხარეს ხშირად პრობლემა აქვს მათი მიღების, რაც ერთი მხრივ, უნდობლობის, მეორე მხრივ კი, ამ უნდობლობით რუსეთის მიერ მანიპულირებითაა განპირობებული. ამიტომაა საჭირო, მეორე მხარემ თავი მხარედ აღიქვას და არა პასიურ და მეორეხარისხოვან აქტორად.

სახელმწიფოს განცხადებების მიხედვით, მთლად ასეც არ არის

რასაკვირველია, სტაგნაცია არასდროსაა, ყოველთვის არის მოძრაობა, რომელსაც ვერ ვხედავთ, რადგან საჯარო სივრცეში არ აისახება. ის, რომ სამედიცინო პროგრამით ვიღაც ჩამოდის აფხაზეთიდან, ბევრს არაფერს ნიშნავს. ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება იმ ადამიანებს მათთან მომუშავე ექიმების მიმართ მადლიერების გრძნობა გაუჩნდეთ, მაგრამ ეს საზოგადოების განწყობას ვერ ცვლის.

ამ შემთხვევაში მხოლოდ ქართული მხარის მიერ წარსულის გააზრება რამდენად შედეგიანია, თუ მეორე მხარეც არ აკეთებს ამას?

იქნებ მეორე მხარემაც დაიწყოს პროცესი, როცა დაინახავს სხვა მხარის მზაობას? როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მეტი რესურსი გვაქვს პროცესის დასაწყებად. აქ წარსულის დავიწყებაზე არაა საუბარი – მხოლოდ დამდგარი რეალობის მიღებაზე.

იქაც არსებობს ნარატივი ქართველების აგრესიის შესახებ, ალყაშემორტყმული ცხინვალის შესახებ, ლათის თუ ძარის ტრაგედიების შესახებ. მე მირჩევნია დავინახო და მესმოდეს მსჯელობა იმაზე, რომ ორივე მხარემ დავუშვით შეცდომები, მაგრამ რეალურად, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველანი ჩვენი ნარატივების მსხვერპლი ვრჩებით. რუსეთის ფაქტორიც რომ მოიხსნას, არ ვიცი, რა შეიძლება ამან შეცვალოს. ეს ნარატივები გაქრება და აორთქლდება? საჭიროა, ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ და დამდგარი შედეგები მივიღოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი