ახალი ამბები

ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება – კობახიხე ენმ-ის ბოიკოტზე

7 თებერვალი, 2023 • 927
ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება – კობახიხე ენმ-ის ბოიკოტზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა “რადიკალები”არ იქნებიან პარლამენტის სხდომებზე, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე.

ასე გამოეხმაურა ის ენმ-ის ფრაქციისა და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გამოცხადებას.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის და ოპოზიციის “რადიკალური ნაწილი” თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ქვეყანას არაფერი დააკლდება.

მისი თქმით, მათი ბოიკოტის შემდეგ საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება.

“გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა სიტყვით ნათქვამი. როგორც ჩანს, დღეს უკან დაიხიეს, დაენანათ საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება, პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ სად. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნა, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ.

საპარლამენტო ბოიკოტს უერთდებიან პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” და დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი .

მასალების გადაბეჭდვის წესი