ახალი ამბები

მეტროში მოძრავი ვაგონები ღია კარებით – რას ამბობენ კომპანიაში

7 თებერვალი, 2023 • 1155
მეტროში მოძრავი ვაგონები  ღია კარებით – რას ამბობენ კომპანიაში

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის მეტროში გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მოძრაობს მატარებელი გვირაბში ღია კარით.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო “ფეისბუკის” მომხმარებელმა 29 იანვარს გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ გვირაბში მოძრაობისას ღიაა ვაგონის ის კარები, რომლებიც მატარებლის პლატფორმაზე ჩამოდგომის მომენტშიც დაკეტილი უნდა იყოს, ვინაიდან მგზავრები იქ მეორე მხრიდან შედიან.

თუმცა ვიდეოში საპირისპირო ხდება: ვაგონის კარები მხოლოდ მაშინ იკეტება, როცა მატარებელი გვირაბს ტოვებს და მორიგი სადგურის პლატფორმაზე ჩერდება.

ბუნდოვანია, დროის იმავე მონაკვეთში სხვა ვაგონებშიც თუ ხდებოდა მსგავსი რამ. ვიდეოს მიხედვით, მინიმუმ ერთ ვაგონში, რომელიც მინის მიღმა ჩანს, გვირაბში ყოფნის მომენტში კარები ჩვეულებრივ არის დაკეტილი.

ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევა ჩანს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სხვა ვიდეოშიც. კადრებში ვხედავთ, რომ მატარებელი გვირაბში მოძრაობს, კარები კი — ღიაა.

“თბილისის მეტრო – კვლავ იგივე ხდება! კარები არის ღია”, — წერს მეორე ვიდეოს აღწერილობაში ფეისბუკ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს”. კადრების გადაღების თარიღი დაუზუსტებელია.

“ნეტგაზეთმა” “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” პრესსამსახურს ჰკითხა, რატომ ხდება მსგავსი შემთხვევები.

“მიმდინარეობს შიდა კვლევა, რათა დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია ტექნიკური გაუმართაობა”, — გვითხრეს პრესსამსახურში და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყვიან.

კომპანიაში მოუწოდებენ მგზავრებს, გაითვალისწინონ გაფრთხილება “ნუ მიეყრდნობით”, რომელიც ვაგონების კარებზეა დატანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი