ახალი ამბები

„უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“ – ჟურნალისტებს პარლამენტში შეზღუდვებს უწესებენ

6 თებერვალი, 2023 • 1502
„უარის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“ – ჟურნალისტებს პარლამენტში შეზღუდვებს უწესებენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისას შეზღუდვები დაუწესდებათ. ამის შესახებ მან დღეს, 6 თებერვალს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღეს გამოიცემა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ქცევის წესებს პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის.

პაპუაშვილის თქმით, ერთ-ერთი წესის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრი ინტერვიუს ჩაწერაზე უარს იტყვის, ჟურნალისტი ვალდებული იქნება შეწყვიტოს ინტერვიუ.

„რაც შეეხება პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობის ქცევის წესებს, ეს გახლავთ: იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას, წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ.

პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტები, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის და მანდატურის მითითებებს; სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილას და არ გადასცეს სხვა პირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, პირველი მარტიდან საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციები გაიცემა, რაც ამ მოწვევის პარლამენტში შეჩერებული იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი