შვეიცარიული გაზეთები Sonntagszeitung და Le Matin Dimanche დეკლასიფიცირებულ არქივებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი (ვლადიმერ გუნდიაევი), ფსევდონიმით „მიხაილოვი“, 1970-იან წლებში ჟენევაში КГБ-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი) სადაზვერვო საქმიანობით იყო დაკავებული.
1971 წლიდან გუნდიევი ჟენევაში, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდა. შვეიცარიის ფედერალური არქივიდან მიღებული ინფორმაცია, რომელსაც Sonntagzeitung გაეცნო, ირწმუნება, რომ ახალგაზრდა მღვდელი სუკ-ში მუშაობდა.
გუნდიაევის საქაღალდეში 1969 წლის ივლისიდან 1989 წლის თებერვლამდე აღმოჩნდა 37 ჩანაწერი, რომელთა უმეტესობა მხოლოდ მის სავიზო განაცხადებს და შვეიცარიაში შესვლას ეხება. მათში ორჯერ აღნიშნულია, რომ მღვდელი საბჭოთა იმ თანამდებობის პირთა სიაშია, „ვის მიმართაც ზომები იქნა მიღებული“. რა ზომები იქნა მიღებული, არ არის განმარტებული.
„ჩვენ გვითხრეს: უფრთხილდით ამ მღვდლებს, რადგან ისინი კგბ-ს აგენტები არიან. კირილთან საუბარში ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ის ეძებდა ინფორმაციას. ძალიან მეგობრული იყო, მაგრამ ბევრ კითხვას სვამდა გადასახლებისა და სასულიერო პირების შესახებ“, – განუცხადა გაზეთს ანონიმურმა წყარომ.
გერმანელი თეოლოგი გერჰარდ ბეზიერი თავის წიგნში წერდა, რომ „კაგებეს სურდა, გავლენა მოეხდინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოზე 1970-იან და 1980-იან წლებში, რათა არ გაეკრიტიკებინათ სსრკ-ში რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა, არამედ ეკრიტიკებინათ აშშ და მისი მოკავშირეები“.
გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, გუნდიაევის ძმისშვილი ამჟამად მართავს ეკლესიას ჟენევის გარეუბანში ჩენ-ბუჟერიაში. მან Sonntagzeitung-ს განუცხადა, რომ მისი ბიძა იმ დროს, სავარაუდოდ, არ იყო აგენტი, მაგრამ „სუკის მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო“.
პატრიარქმა კირილემ და რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს მისი სავარაუდო სადაზვერვო საქმიანობის შესახებ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ Sonntagzeitung-ს უპასუხა, რომ ამ საკითხზე „ინფორმაცია არ აქვს“.