ახალი ამბები

„ჩემთვის ეს სიახლეა“ — ცვლიან თუ არა რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე

6 თებერვალი, 2023 • 681
„ჩემთვის ეს სიახლეა“ — ცვლიან თუ არა რეზნიკოვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად გადაჰყავთ, მისთვის სიახლეა და ამის შესახებ საუბარი  არც პრეზიდენტთან და არც პრემიერ-მინისტრთან არ ჰქონია.

უკრაინულ მედიასთან საუბრისას რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ასეთი შემოთავაზება რომც მიიღოს, დიდი ალბათობით უარს იტყვის:

“თუ ამგვარ შეთავაზებას მაინც მივიღებ პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრისგან, უარს ვიტყვი იმიტომ, რომ შესაბამისი გამოცდილება არ მაქვს. ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნებოდა“ ,- აცხადებს რეზნიკოვი.

გუშინ, 5 თებერვალს, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ოლექსი რეზნიკოვის შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზნიკოვის შემცვლელად კირილ ბუდანოვის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამჟამად დაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა აღნიშნულის კომენტირებისას განაცხადა, რომ ოლექსი რეზნიკოვი ეფექტურად მუშაობს უცხოელ პარტნიორებთან იარაღის მოწოდების თვალსაზრისით. მოგვიანებით, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ  იგეგმებოდა რეზნიკოვის გადაყვანა თავდაცვის უწყებიდან სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად, თავდაცვის მინისტრი კი ბუდანოვი გახდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი