ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში 5 ათასზე მეტი ბავშვი ბაღისა და სკოლის გარეშეა დარჩენილი – სტეპანაკერტი

3 თებერვალი, 2023 • 1630
ყარაბაღში 5 ათასზე მეტი ბავშვი ბაღისა და სკოლის გარეშეა დარჩენილი – სტეპანაკერტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის განათლების უწყების ცნობით, იმის მიუხედავად, რომ 30 იანვარს გაზმომარაგება აღდგა და 118 სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდა, 41 საბავშვო ბაღი და  გახანგრძლივებული რეჟიმის მქონე 20 სკოლა საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტის გამო დაიკეტა.

ოფიციალური ცნობითვე, დაახლოებით 5500 ბავშვი საბავშვო ბაღის და სკოლის გარეშე დარჩა.

54 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისა და ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის გზის [ლაჩინის კორიდორი, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს] ჩაკეტვის საკითხზე ყარაბაღში საინიციატივო ჯგუფმა “არცახის ქალები მომავლისთვის” ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე პეტიცია გამოაქვეყნა. პეტიციას რამდენიმე ათასი ხელმოწერა აქვს. მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ქალები სთხოვენ მას, დაეხმაროს ყარაბაღელებს ლაჩინის კორიდორის გახსნაში.

ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები.

თუმცა სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.

აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.

ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი