ახალი ამბები

მელიას თქმით, სააკაშვილის წერილი თავადაც მიიღო

2 თებერვალი, 2023 • 1292
მელიას თქმით, სააკაშვილის წერილი თავადაც მიიღო

ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მანაც მიიღო, თუმცა გამოქვეყნებას „არ იკადრებს“.

ამის შესახებ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მას ჰკითხა, ხაბეიშვილის მსგავსად, მანაც თუ მიიღო წერილი. მელიას თქმით, სააკაშვილი სწორად მოიქცა, რომ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა და ასე იქნებოდა, ვისაც არ უნდა გაემარჯვა.

„მიხეილ სააკაშვილთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. მაგრამ ეს ჩვენი კომუნიკაციაა. არასოდეს არ ვიკადრებ და საჯაროს არ გავხდი, მე რას ვწერ და ის რას მწერს. ამაზე ვერც ვისაუბრებ, იმიტომ, რომ პირადი მიმოწერა პირადი მიმოწერაა. ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, დაბადების დღე მომილოცა და იმ დღეს დაემთხვა, რომ საყოველთაო შიმშილობა წამოვიწყეთ. მეგობარმა, რომელსაც ეს წერილი გადასცა, საკუთარ ფეისბუქზე დადო და დამთაგა. დღემდე ვსაყვედურობ მეგობრულად, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ თქვენ რომ წერილს ან SMS-ს მომწერთ, ეს საჯაროდ არ უნდა გამოვდო და ამას არ ვიკადრებ“, — განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილს საქციელს უწონებს ან უწუნებს.

მელიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს ბევრ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია და დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ ექსპრეზიდენტის წერილი არაერთმა თანამებრძოლმა მიიღო.

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტად განიცდის პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს“, — დასძინა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის წერილი გაასაჯაროვა.

წერილში, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოაქვეყნა, მიხეილ სააკაშვილი მას ულოცავს პარტიის თავმჯდომარედ არჩევას და სწერს, რომ საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას არ აპირებს, თუმცა ხაბეიშვილს ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან.

სააკაშვილი ხაბეიშვილს ენმ-ის თავმჯდომარეობას ულოცავს

მასალების გადაბეჭდვის წესი