ახალი ამბები

კასპის რაიონში კაცის კიდურები იპოვეს

2 თებერვალი, 2023 • 1048
კასპის რაიონში კაცის კიდურები იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტში ასაკოვანი კაცი მკვდარი იპოვეს.

დაღუპულის შვილმა ფორმულას განუცხადა, რომ ადგილზე მხოლოდ კაცის ქვედა კიდურები იყო დარჩენილი. ის ვარაუდობს, რომ მამამისს გარეული ნადირი დაესხა თავს.

ცხედარი გარდაცვლილის სახლის ეზოში იპოვეს.

იგივე აზრზეა გიორგი ჭიხინაშვილი, ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი.

” გარეული ცხოველისგან არის, სავარაუდოდ, დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს”, – უთხრა ჭიხინაშვილმა შიდა ქართლში მომუშავე საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკას”.

ის, რომ 72 წლის კაცი მგელმა დაგლიჯა, დადასტურებული არ არის. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს გაუფრთხილებლობით. ჯერჯერობით უცნობია ექსპერტიზის პასუხები, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი კითხვაზე, რა გახდა კაცის დაღუპვის მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი