ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 2 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა.
გამოკითხულთა 81%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 9%-ისთვის ეს მიზანი მიუღებელია, 9%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის. წინა, 2022 წლის აგვისტოს კვლევასთან შედარებით, 6%-ით გაზრდილია ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა და 5%-ით არის შემცირებული მოწინააღმდეგეთა რიცხვი.
ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე დაბალია ეთნიკურ უმცირესობებში — „არ ვიცი“ პასუხების ხარჯზე, ყველაზე მაღალია თბილისსა და დიდ ქალაქებში, 18-დან 34 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მომხრეებს შორის ევროკავშირის მხარდაჭერა თანაბარია. წინა კვლევებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ ყველაზე დიდი პოზიტიური გარდატეხა უმცირესობათა დასახლებებში და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში მოხდა. მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა.
ამასთან, მოსახლეობის უმრავლესობა— 56% — ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 30%-ის აზრით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამასთან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი ფიქრობს, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს.
რაც შეეხება ნატოს, 73% მომხრეა, საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, რაც წინა კვლევასთან შედარებით 4%-ით მეტია. ალიანსში გაწევრიანებას წინააღმდეგება 14%, ხოლო 11-ს პასუხი არ აქვს. ნატოს მხარდაჭერა ყველაზე დაბალია ეთნიკურ უმცირესობებში „არ ვიცი“ პასუხების ხარჯზე, ხოლო ყველაზე მაღალი — დიდ ქალაქებში. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ნატოს მომხრეთა რაოდენობა ყველაზე მაღალია (78%) 18-34 წლამდე მოქალაქეებში და ნაკლებია (66%) 55 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში. „ქართული ოცნების“ მომხრეები შედარებით ნაკლებად (75%) უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანებას, ვიდრე ოპოზიციის ამომრჩევლები (79%).